17 სექტემბერი, 2016

ელისო ბოლქვაძის საჩუქარი

eliso7გამოჩენილი ქართველი პიანისტი და იუნესკოს მშვიდობის ელჩი, ელისო ბოლქვაძე თანამემამულეებს საჩუქრებით ხშირად ანებივრებს. ჯერ იყო და მამისეული სახლი მშობლიურ სოფელს საჩუქრად გადასცა, ახლა კი ერთი კვირის განმავლობაში კლასიკური მუსიკის მოყვარულებს ნამდვილ საჩუქარს უმზადებს და ბათუმში საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს მართავს.

BATUMI MUSICFEST-ს საქველმოქმედო ფონდი „ლირა“ წელს უკვე მეოთხედ წარმოადგენს.

ფესტივალის ეგიდით, პირველი საზეიმო კონცერტი 17 სექტემბერს გაიმართება, სადაც ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ელისო ბოლქვაძე დაუკრავს. პიანისტი მოცარტის ჯადოსნურ საფორტეპიანო კონცერტს შეასრულებს.

BATUMI MUSICFEST-ის პირველ კონცერტზე დაუკრავს სლოვენიელი კლარნეტისტი დარკო ბრლეკიც. ის მოცარტის კონცერტს ააჟღერებს.

საფესტივალო კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და მას ამერიკელი დირიჟორი ფილიპ მანი უდირიჟორებს.