6 სექტემბერი, 2016

„…დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“

ilia12შემოქმედებითი გაერთიანება “ეროვნული იმპერატივი” და მისი პარტნიორი „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი“ წელს უკვე მესამე წელია ახორციელებენ პროექტს „…დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“, რომელიც ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ციკლს აერთიანებს.

ამ დღის სიმბოლური აღნიშვნა და საზოგადოების მობილიზება თუნდაც წელიწადში ერთხელ ილია ჭავჭავაძის სახელის გარშემო, „ეროვნული იმპერატივის“ ინიციატივითა და ძალისხმევით 2014 წლიდან დაიწყო. წელს უკვე მესამედ განხორციელდება ამ დღისადმი მიძღვნილი პროექტი და მას ყოველწლიური სახე ექნება.

– ილიას მკვლელობის დღის, 12 სექტემბრის საჯაროდ ხსენება თუ აღნიშვნა, სწორედაც რომ გვინდა საზოგადოებრივ ტრადიციად იქცეს ქართულ საზოგადოებაში, როგორც ეროვნული და მოქალაქეობრივი პოზიციისა თუ მოვალეობის გამოხატულება, – აცხადებენ “ეროვნული იმპერატივის” წარმომადგენლები.

მიმდინარე წლის 12 სექტემბერს დაგეგმილი პროექტი „…დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“, წინა წლების მსგავსად არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას აერთაინებს.

12 სექტემბერს, 13:00 საათზე ღონისძიების გახსნის ცერემონია გაიმართება თბილისში, სიონის ტაძრის ეზოში.

14:00 საათზე დაიწყება საჯარო მსვლელობა – შეკრებილი საზოგადოება/პროცესია ფეხით გაემართება მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონისაკენ (იმ გზაზე რა გზითაც ილიას ცხედარი ააბრძანეს მთაწმინდაზე) და სიმბოლურად გაივლის ილიას უკანასკნელ გზას მისი სახელის პატივსაგებად. გზად მსვლელობის პროცესს, ფონად გაჰყვება ილიას ნაწარმოებების უნიკალური და იშვიათი ჩანაწერები წაკითხული ქართული თეატრის კორიფეების მიერ, როგორებიც იყვნენ: სერგო ზაქარიაძე, გურამ საღარაძე, ზინა კვერენჩხილაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი და სხვა.

15:00 საათზე მთაწმინდის პანთეონში მოძღვარი გადაიხდის ილიას სულის მოსახსენიებელ პარაკლისს, შემდეგ კი მთაწმინდის პანთეონშივე ილიას საფლავთან გაიმართება მხატვრულ-თეატრალიზებული კომპოზიცია – კოსტიუმირებული დადგმა ილიას მკვლელობის თემაზე, რომელშიც მონაწილოებას მიიღებენ ქართული თეატრის სხვადასხვა თაობის მსახიობები.

17:00 საათზე საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის სადღესასწაულო დარბაზში გაიმართება წიგნის „საუკუნის მკვლელობა – გზა ილიასი“ (ახალი პიესა ილია ჭავჭავაძის ცხოვრების და მოღვაწეობის თემაზე) პრეზენტაცია და ამავე ნაწარმოების თეატრალიზებული კითხვა მსახიობების მიერ.

დასკვნით ეტაპზე მოხდება „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ჯილდოს წარდგინება – „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია – საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული ღვაწლისათვის“ (პრემიის სკულპტურის ავტორი – მოქანდაკე გია ჯაფარიძე), რომელიც პირველად საზეიმო ვითარებაში გაიცემა 2017 წელს, 12 სექტემბერს ამავე ღონისძიების ფარგლებში (სიმბოლურად ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წლიდან დაიწყებს ათვლას) და ყოველწლიური სახე ექნება.

ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ღონისძიების ყველა ეტაპზე, მსურველთათვის დასწრება თავისუფალი იქნება და მოუწოდებენ ყველას, ილია ჭავჭავაძის სახელის მარადი ხსოვნის დასტურად შეუერთდნენ მათ ღონისძიებებს.