4 სექტემბერი, 2016

არჩილ ჩიხლაძე მოხუცთა თავშესაფარში

arch1“კართან მოდგა შემოდგომა” – ეს სიმღერა ქართველი მსმენელისთვის გამორჩეულად საყვარელია. არჩილ და მაყვალა ჩიხლაძეების დუეტი წლების განმავლობაში უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა ქართული სიმღერის მოყვარულებს.

გავიდა წლები, მომღერალი ცოლ-ქმარი ერთმანეთს დაშორდა, წლების მატებამ კი მათ ცხოვრებაში პრობლემები გააჩინა.

“არტინფო” მომღერალ არჩილ ჩიხლაძის უმძიმესი მდგომარეობის შესახებ არაერთხელ წერდა. მსგავსი ინფორმაცია სხვა ჟურნალისტებმაც გაავრცელეს, მაგრამ მისი შვილი ირმა ჩიხლაძე ირწმუნებოდა, რომ არჩილ ჩიხლაძე ყველაფრით უზრუნველყოფილია და მას მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

რამდენიმე თვის წინ, ისტორიკოსმა ვლას ვაწაძემ და მისმა მეგობარმა დათო შალიკაშვილმა არჩილ ჩიხლაძე იერუსალიმის ქუჩაზე შიმშილობის ზღვარზე უშუქობასა და უგაზობაში შემთხვევით იპოვეს.

დღეისათვის არჩილ ჩიხლაძე თბილისში ერთ-ერთ მოხუცებულთა თავშესაფარში Barbare XXI – Home For The Elderly-ში ცხოვრობს. მისი და მაყვალა ჩიხლაძეების დუეტი 33 წლის შემდეგ კვლავ აღსდგა და მათ ისევ იმღერეს მონატრებული მსმენელისთვის დაუვიწყარი “კართან მოდგა შემოდგომა”.

ჩიხლაძეების დუეტის ვიდეო ინტერნეტში Barbare XXI – Home For The Elderly-მა გაავრცელა მინაწერით:

“არჩილ და მაყვალა ჩიხლაძეები. დუეტი 33-წლიანი შესვენების შემდეგ Barbare XXI – Home For The Elderly-ში. სწორედ ჩვენი პანსიონატი გახდა მიზეზი 33-წლიანი შესვენების შეწყვეტისა. ბატონი არჩილი ამ სახლის ერთ-ერთი მასპინძელია (ბენეფიციარია). საოცრად თბილი და მშვიდი ბატონი არჩილი…”