9 სექტემბერი, 2016

ქართველების ტრიუმფი ავსტრიაში

otar-jorjikia123ავსტრიის ქალაქ გრაცში საოპერო ხელოვნების აკადემიის – ”Accademia Belcanto” მეორე საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი გაიმართა. კონკურსის ხელმძღვანელია „Accademia Belcanto“- ს პრეზიდენტი, ავსტრიაში მცხოვრები ქართველი ნათელა ნიკოლი – ნატო ჭყონია.
წლევანდელ მუსიკალურ კონკურსში ავსტრიელ და უცხოელ დამწყებ ოპერის მომღერლებთან ერთად, ოთხი ქართველი შემსრულებელიც მონაწილეობდა. ოთარ ჯორჯიკია, ირაკლი მურჯიკნელი, მარიამ ნაჭყებია და გიორგი მჭედლიშვილი. მათ კონკურსზე ნამდვილი ფურორი მოახდინეს – ოთხივემ კონკურსის სხვადასხვა ნომინაციებში გაიმარჯვა.

პირველი ადგილი ოთარ ჯორჯიკიამ დაიმსახურა, მეორე ადგილი ირაკლი მურჯიკნელმა, მარიამ ნაჭყებია როსინის საუკეთესო შემსრულებლის პრიზით დაჯილდოვდა, ბარიტონი გიორგი მჭედლიშვილი კი ყველაზე ლამაზი ხმისთვის.

კონკურსანტები შეაფასა საერთაშორისო ჟიურიმ ტერეზა ბერგანცას, ჯაკომო არაგალის, ეთერი ლამორისი-ჭყონიას, ნათელა ნიკოლის, ნონა ლომიძის, ნორა შმიდის, ედუარდ ლანერის, გიუნტერ ციელის და ჰორიანა ბრანისტეანუს შემადგენლობით.

კონკურსის პირობების თანახმად, პირველ ადგილზე გასული კონკურსანტი მიიღებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ჯილდოს 5.000 ევროს ოდენობით.

საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის ორგანიზებისთვის და სხვა პრიზებისთვის თანხა „Accademia Belcanto“-მ, შტაიერმარკის მიწის მთავრობამ და გაერთიანებამ „გრაცის ოპერის მეგობრები“ გაიღეს.