26 სექტემბერი, 2016

ფიროსმანის „შველი წყლის პირას“ საჯაროა

pirosmani-sotbize1ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატის “შველი წყლის პირას” ნახვა დამთვალიერებლებს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში შეეძლებათ.

27 სექტემბერს ფიროსმანის სურათის ,,შველი წყლის პირას“ ეროვნული მუზეუმისთვის საჩუქრად გადაცემის ცერემონია და პრეზენტაცია გაიმართება.

სურათი ციციშვილი-გედევანიშვილის ოჯახში 1949 წლიდან 2011 წლამდე ინახებოდა. ის არასდროს ყოფილა გამოფენილი ფართო საზოგადოების წინაშე. 2011 წელს სურათმა დატოვა საქართველო და სოთბის აუქციონზე გაიყიდა.

„შველი წყლის პირას“ იმავე აუქციონზე მეორედ წელს გამოჩნდა. ნამუშევარი ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა და ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად გადასცა. სურათი შეუერთდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების ყველაზე დიდ კოლექციას.

ცნობილმა მსახიობმა, თამარ ციციშვილმა და აკადემიკოსმა დიმიტრი გედევანიშვილიმა სურათი „შველი წყლის პირას“ 1949 წელს სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს, ერთ საღამოს სეირნობისას უცნობ სახლთან შეჩერდნენ, მასპინძელმა იცნო მსახიობი და სახლში მიიპატიჟა. თამარ ციციშვილმა, რომელიც წლების მანძილზე მეტეხის მუზეუმში მუშაობდა და კარგად იცნობდა ფიროსმანაშვილის ხელწერას, შესვლისთანავე შეამჩნია კედელზე დამაგრებული სურათი. ყოფილი მფლობელის თქმით, სურათი მასთან „თეთრი დუქნიდან“ მოხვდა. თამარ ციციშვილმა ოჯახს სთხოვა მისთვის მიეყიდათ ნამუშევარი. მასპინძელმა გაყიდვა არ ისურვა და სურათი მსახიობს აჩუქა.

ნიკო ფიროსმანაშვილი პირველი ანიმალისტია ქართულ მხატვრობაში. მის შემოქმედებაში შველს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. შველი მას რამდენჯერმე ჰყავს დახატული, თუმცა აღნიშნული სურათი საუკეთესო ვერსიადაა მიჩნეული.

ამიერიდან „შველი წყლის პირას“ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ფიროსმანის სხვა სურათებთან ერთად გამოიფინება.