30 სექტემბერი, 2016

“საბავშვო ევროვიზიისთვის” საქართველომ კონკურსანტი შეარჩია

mariam-mamadashvili“საბავშვო ევროვიზია 2016”-სთვის საქართველომ კონკურსანტი შეარჩია.

ჟიურის გადაწყვეტილებით, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ვოკალის პედაგოგი რუსუდან ბახტაძე, პროდიუსერი ნატო დუმბაძე, რეჟისორი ზაზა ორაშვილი, მომღერალი ნიკა კოჩაროვი და საბავშვო ევროვიზიის მონაწილე ლიზი პოპი, არჩევანი 10 წლის მარიამ მამადაშვილზე გაკეთდა.

ჟიურის არჩევანის გაკეთება ორ კონკურსანტს – მარიამ მამადაშვილსა და 14 წლის ლუკა კაჭარავას შორის მოუწიათ. კონკურსანტების მოსმენა საზოგადოებრივი მაუწყებლის პავილონში გაიმართა.

საკონკურსო სიმღერაზე მარიამ მამადაშვილთან ერთად კომპოზიტორმა გიორგი კუხიანიძემ იმუშავა. სიმღერის პრემიერას მაყურებელი უახლოეს პერიოდში, პირველი არხის ეთერში, იხილავს.

მარიამ მამადაშვილი 4 წლიდან მღერის. სწავლობდა სტუდიებში „ბასტი ბუბუ“ და „ბზიკებისტუდიო“, ასევე გიორგი მიქელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამუსიკო სკოლაში, ფორტეპიანოს განხრით. მონაწილეობდა სხვადასხვა კონცერტებსა და სატელევიზიო შოუებში.

ათონელის თეატრში დადგმულ სპექტაკლში „ანა და მე“ შეასრულა პრინცესას როლი.
გასული წლიდან მარიამ მამადაშვილი ცხოვრობს აშშ-ში და სწავლობს Tomlinson Middle School-ის VI კლასში.

2015 წლის სექტემბრიდან ჩაირიცხა მუსიკალურ სასწავლებელში Broadway Method Academy, სადაც დღემდე ეუფლება ვოკალს, ცეკვას და სამსახიობო ოსტატობას.

“საბავშვო ევროვიზია 2016”-ის ფინალი მალტის დედაქალაქ ვალეტაში 20 ნოემბერს გაიმართება.