22 სექტემბერი, 2016

“მერამდენედ უნდა გადაგვიარონ თავზე და სულში ჩაგვაფურთხონ?”

roin-abuselidze1პოეტი როი აბუსელიძე ქართული საზოგადოებისგან მეტ მოქმედებას და გააქტიურებას ითხოვს. აჭარელი შემოქმედი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გულისტკივილით ადევნებს თვალყურს და რიგით მოქალაქეებთან ერთად, ხელისუფლების წარმომადგენლებსაც საჭირო ზომების გატარებას ურჩევს.

როი აბუსელიძე:

“არ ვიცი მერამდენედ, საიდან, ან როგორ დავიწყო კედელზე ცერცვის შეყრა, მაგრამ სანამ აქ ვცხოვრობ, ამ ქალაქში, რომელსაც ბათუმი ჰქვია, სხვანაირად არ ძალმიძს და ძალდატანებული მცდელობის მიუხედავად, მაინც მიმაქვს გულთან ის, რაც ჩვენს თავს ხდება.

ხალხი არა ხართ, ხალხნო? ვინც არ უნდა იყო, მანდ, ხელისუფლებაში… მერამდენედ უნდა გადაგვიარონ თავზე და სულში ჩაგვაფურთხონ??? ჩვენ კიდევ ერთი თურქული სკოლის გახსნა გვინდა ბათუმში?

ეს რაა? რა ბედენააა….

ორი დღის წინ სხალთაში ვიყავით, არქეოლოგიური კვლევის შედეგად, ნაწამები ქართველების ტონობით ძვლები იქნა ნაპოვნი… სწორედაც რომ ჩვენი მეზობლის და მეგობარი ქვეყნის, თურქეთის მიერ ნაწამების.

ის საშინელი სურათი თვალებიდან არ ამომდის და მთელი ცხოვრების განმავლობაში გამყვება.

(მაქვს ფოტომასალაც, აქ შეგნებულად არ ვდებ, მსურველებს გადავუგზავნი პირადში)

მანამ კი ის, რისი მეშვეობითაც, ბათუმი სიკვდილის პირასაა, თქვენ თვითონ ნახეთ, აღარაფერს ვამბობ, მედრესეებზე, გაყიდულ ტერიტორიებზე, სტრიპტიზ-კლუბებზე, ჩარმიქლის ქუჩაზე და უამრავ სხვადასხვა “მეგობრულ” ოკუპირებაზე.

სწორედ ესეთი შევიწროვება უწყობდა და უწყობს ხელს, ხან ერთ, ხან მეორე “მეზობელს” რომ ვუშვერთ საჯდომს…

აიწონა-დაიწონასავითაა ჩვენი ყოფა. გავა დრო და რუსეთი “მოხსნის” ამ პრობლემას, გახდება ჩვენი “მეგობარი” ისევ…

მერე რუსეთი გააფუჭებს და თურქეთი “მოგვიგვარებს”.

ამასობაში დავრჩებით თითო-ოროლა და შეიგნეთ მანდ, თბილ სავარძლებში ვინც სხედხართ, რომ ოკუპანტი არის ოკუპანტი! თურქეთიც, რუსეთიც და ყველა, ვინც ჩვენს თავისუფლებაში შემოდის!”