17 სექტემბერი, 2016

ვნებათაღელვა პრემია ”საბას” წინ

1kilasonia18 სექტემბერს ლიტერატურული პრემია “საბას” რიგით მე-14 დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. ღონისძიება მუხრანბატონის სასახლეში ჩატარდება.

წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული პრემიის ჩატარებამდე ვნებათაღელვა პიკს აღწევს. ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია “საბას” ორგანიზატორებს აკრიტიკებს და ჩაკეტილ-სნობურ-ახალელიტურ სივრცეებს უწუნებს.

სოფო კილასონია:

“ჯერ იყო და პრემია “წინანდალი” შეიყუჟა რაღაც შატოში. მერე იყო და პრემია “დურუჯის” დაჯილდოების ცერემონია აქციეს ივენთ ჰოლის დახურულ-ვითომ ელიტურ თავყრილობად, ახლა “საბა” გაიმართება მუხრანბატონების სასახლეშიო. ეს ხდება ჩვენს დროში, თან საქართველოში.

სევდას მგვრის ჩვენი კომპლექსები. თან უფრო და უფრო რომ გვიღვივდება. ამ ყველაფრის მაყურებელი კი ერთ რამეში ვრწმუნდები. პროვინციად არ ვუქცევივართ არც ერთ ოკუპატს. რომელმაც ცენტრი შორს მოგვინიშნა. არც სოფლად მცხოვრებ გლეხებს. პროვინციად გვაქცია თავად-აზნაურობამ. ჟაბოებსა და სასახლეებზე თვალი რომ რჩებოდათ, აი, იმათ. ისინიც მებრალებიან და მოკლედ. თუკი არარსებულ წარსულში ჩარჩენილ ერს ტკივილებს დაუამებს ისტორიის ფალსიფიკაცია, ანუ შატოებსა და სასახლეებში ღვინის წრუპვა, დაე, წრუპონ. მაგრამ ეს არ არის გზა ღია და ჯანმრთელი საზოგადოებისკენ მიმავალი.

რად გვინდა დარგობრივი განვითარებისთვის გამოგოგნილი პრემიები, თუკი ისინი არაჯანსაღ, დრომოჭმულ ფასეულობებს ემსახურებიან? პრემიების დამფუძნებლები ერთ რამეს ვერ იაზრებენ. პრემიების არსებობა მხოლოდ მათი დამსახურება იყო დასაწყისში. უკვე შემდეგ მათი ავტორიტეტი გაამყარეს ნომინანტებმა, ჟიურის წევრებმა, გამარჯვებულებმა, ავტორებმა თავიანთი გავლენით, რეზონანსულობით, ავტორიტეტით, ნაშრომებით. დღეს უკვე არგუმენტად აღარ ივარგებს “კერძო პრემიაა და რასაც გვინდა და სადაც გვინდა…”. ეს პრემიები ვერ გადარჩებოდა საზოგადოებრივი ინტერესისა და ყურადღების გარეშე.

ჰოდა, სად არის საზოგადოების ინტერესები? შატო-სასახლეებში? სად გვინდა რომ ვიყოთ? რას ვემსახურებით? ჩაკეტილ-სნობურ-ახალელიტურ სივრცეებს? ახალ ინტელიგენციებს? თუ არა, მაშინ, მთავარი ამოცანა უნდა იყოს სახელოვნებო ფორმებში დაბადებული თანამედროვე ფასეულობების მაქსიმალურად ახლოს მიტანა სრულიად საზოგადოებამდე. სამწუხაროდ, იმ ფორმის და ესთეტიკის დაჯილდოების ცერემონიები, რომლებსაც ბოლო წლებში პრემიები მართავენ, აბსოლუტურად სხვა “მესიჯის” მატარებელია.”