25 სექტემბერი, 2016

“დიდი ეპოქა დამთავრდა!”

nikoloტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ნიკოლო მიწიშვილი, კოლაუ ნადირაძე, გიორგი ლეონიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, შალვა აფხაიძე, სანდრო ცირეკიძე, ალექსანდრე არსენიშვილი, სერგო კლდიაშვილი და შალვა კარმელი (გოგიაშვილი) – ქართველ სიმბოლისტ პოეტთა და პროზაიკოსთა შემოქმედებითი გაერთიანება “ცისფერყანწელების” წევრები, რომლებმაც თავისი შემოქმედებითა და ცხოვრებით დიდი გავლენა მოახდინეს ქართულ ლიტერატურაში.

“არტინფო” გთავაზობთ მწერალ ნინო ჩხიკვიშვილის ჩანაწერს “ნიკოლოს სიზმარი”, რომელიც ნიკოლო მიწიშვილს და ცისფერყანწელებს ეძღვნება.

“ნიკოლოს სიზმარი”

თვალისჩინიც წართმეოდა. იწვა. აღარ ლაპარაკობდა. თუ რაიმეს შეეკითხებოდი, მოჭრით გიპასუხებდა, ანდა… წაგიყრუებდა.

– თავისას არ იშლის, მოურჯულებელი იყო და… ასეთივე დარჩა! – ჩაილაპარაკა თვალცრემლიანმა ქალმა და ექიმს მობოდიშებით შეხედა.

– როგორი დავრჩი? – საყვედურით ძლივს ამოთქვა მოხუცმა.

– უცნაურია, როგორ გაიგონა? წუხელის კი ვეღარავინ გვიცნო, პაოლოს ახსენებდა, მოვდივარ, მოვდივარო!

– ოთახიდან გადით, ახლა ჩემი პაოლო მოვა, გვაცალეთ ლაპარაკი! – ძლივს გასაგონად ჩაიჩურჩულა მომაკვდავმა.

– რას ამბობ, ადამიანო, აქ რა უნდა პაოლოს?! – შეეპასუხა მეუღლე.

– იცით… ეს… ამ დროს ასე იცის, ნუ გაგიკვირდებათ! – ექიმს უნდოდა, რაღაც სანუგეშოც ეთქვა, მაგრამ კარისკენ გაეშურა. თავაზიანად დაემშვიდობა ოჯახის წევრებს და მხოლოდ იმისი თქმაღა მოახერხა: დიდი ეპოქა დამთავრდაო! – თუმცა მისი ნათქვამი არავის გაუგონია, უკვე ქუჩაში იდგა. – ალბათ, დილამდის ვეღარ გასტანსო! – გაიფიქრა.

***

– აი, მოვიდა, კოლაუც მოვიდა! – აფორიაქებულმა პაოლომ ნაბიჯი წადგა და დანარჩენებიც წამოიშალნენ.

– ჰო, მეც მოვედი! – გაიღიმა კოლაუმ და თვალები ისე მოჭუტა, თითქოს მზის სხივმა თვალი მოსჭრაო.

– ძმაო! – ხელზე აკოცა პაოლომ.

– შენსას მაინც არ იშლი? – ხელი ხელზე მოუჭირა მოხუცმა.

– ეჰ, ვერ მიყურებ, ხომ? ნუ გეშინია! გარწმუნებ, მალე ამ ჭრილობას ვეღარ შეამჩნევ. – თავიდან ყველა ასე იყო, მერე გადაავიწყდათ.… – პაოლომაც ცადა გაღიმება.

– მე ვერ დავივიწყებ!..…

– სხვა რა გზაა? – წინ წადგა სერგო.

– შენც დამასწარი, სერგო! – ახლა სერგო კლდიაშვილს გადაეხვია კოლაუ და ორივეს გულიანად გაეცინა.

– ჰო, იცინეთ, იცინეთ, რა გენაღვლებათ, მე კი ყველას დაგავიწყდით, კოლაუ, ვეღარ მცნობ? – გაფითრებული შალვა აფხაიძე წელში გასწორდა და თვალის უპეები მოისრისა.

– მეგონა, მარტო მე და სერგო დავბრმავდით, შენც რა დაგმართნია, შალვა! – ახლა აფხაიძეს მიუახლოვდა უკანასკნელი ცისფერყანწელი და ისე გაიხარა ძველი მეგობრების ნახვით, რომელი ერთი უნდა მოეკითხა: – დღე არ გავიდოდა უთქვენოდო!!!

– ჩვენც მოგელოდით!

– ეჰ… თუკი მომელოდით, ასე რად …

– ჩემი სიზმარი არ გახსოვს, კოლაუ? – სიტყვა გააწყვეტინა მიწიშვილმა.

– რომელი?

– რომ დაგვტიროდი!

– რაო? ვერ ვიხსენებ!

– დაგავიწყდა?

-… არ მახსოვს და… მომკალი, თუ გინდა!

– რავა, დაგავიწყდა, ასე უნდა, შე კაცო?! – უსაყვედურა სანდრო ცირეკიძემ, კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, მაგრამ ნიკოლომ არ დააცადა და მოყოლა დაიწყო: საფრანგეთში რომ ვიყავი… მესიზმრა, თითქოს მინდორზე ვდგავარ, უნივერსიტეტთან – ტრიალ მინდორზე. ირგვლივ ყველაფერი თოვლს დაუფარავს, ალა-ლაგ კი ტალახში აზელილა თოვლი. მე კი მივდივარ და ვხედავ, გზის პირას, როგორც საცხედრეში, მწკრივად გაწოლილხართ, ბიჭებო, მთვრალებივით, არა, მოწამლულებივით დაყრილხართ მიწაზე და მხოლოდ შენღა ხარ ფეხზე, კოლაუ, შენც გასუდრული დაიარები, ხან ერთს მიუახლოვდები და ხან – მეორეს, თითქოს წამლობ და თან რაღაცას ბუტბუტებ შელოცვასავით… იხრები და ფრთხილად ხელს უსვამ სახეზე, ისე, როგორც მკვდრებს თვალებს უხუჭავდე!

– ნუ დამზაფრავ ახლა! – გააწყვეტინა მოხუცმა.

– დაჯექი, მოითქვი სული, ამხელა გზა გამოიარე! – შალვა კარმელი მიუახლოვდა, დაჟინებით დააცქერდა, თითქოს რაღაცას იხსენებსო: მერე წამღერებით დაიწყო: გადაგაშენა ზამთრის ობლობამ!!! – ულამაზესია… იცი… ამაზე ტკბილი ცრემლი არც დამცემია გულზე!

– შალვა, მაპატიე, ვერ შეგამჩნიე, – კოლაუ კარმელს გადაეხვია. შალვას გული აუჩუყა დიდი ხნის მეგობრის ნახვამ, ტიციანსაც ცრემლით აევსო დიდი ცისფერი თვალები.…

– ნუთუ ასეთი ბებერი ვარ, სერგო, შენ მაინც მიშველე! – ისევ სერგო კლდიაშვილს მიაჩერდა მუდარის თვალით პოეტი და შეტორტმანდა. ეცადა, თავი შეეკავებინა, რომ არ შეემჩნიათ მისი უეცარი წაფორხილება, მაგრამ ამათ რას გამოაპარებდა.

– დაღლილი იქნები, აგერ, მდელოზე ჩამოჯექი! – ისევ პაოლომ მოჰხვია ხელი.

– ახლა, რადგან შენც მოხვედი, ჩემო კოლაუ, ყველანი ერთად ვართ და აღარც სადმე მიგვეჩქარება, ვისხდეთ ასე, ვიბაასოთ, მოვიგონოთ წარსული! – რაღაცით ნაწყენი ჩანდა გულჩათხრობილი ვალერიანი. კოლაუ გაეხუმრა – ჭიჭიკო, მიდი, დაიწყე ახლა შენებური მეტაფორებიო და.. კიდევ უნდოდა, რაღაც ეთქვა, მაგრამ… მესაფლავემ უკანასკნელი ბელტი მიაყარა საფლავს და ნიჩაბი მოისროლა. ახლა უფრო წაფორხილდა კოლაუ, პაოლოს გვერდით მდელოზე ჩამოჯდა და… პაოლომ ხმადაბლა წამოიწყო: “მე ვარ და ჩემი ნაბადიო, გამთენებელი ღამისაო!” – ტკბილად, ხმაშეწყობილნი ამღერდნენ ცისფერყანწელები.

***

უეცრად საფირონისფერი მწუხრი გადაიყარა: გრიგოლ რობაქიძე გამოჩნდა, რილკე ედგა გვერდით და ცვაიგი. ბაასობდნენ. ცისფერყანწელებს მათი საუბარი არ ესმოდათ. რილკეს მარტოობის საიდუმლო ამოეხსნა და გახარებული იყო. თუმცა გრიგოლი ყურადღებას აღარ აქცევდა. აქეთ იმზირებოდა. სახის ყოველი ნაკვთი უთრთოდა, ერთი სული ჰქონდა, მალე შეერთდებოდა ამღერებულთ.