1 სექტემბერი, 2016

“ბებერი თითებით თვალებს უხუჭავდა და იმეორებდა: “მოღალატე ხარ, ესე მარტო როგორ დამტოვე!!!”

giorgi-vardosanidze1მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე საჯარო განცხადებებით არასოდეს გამოირჩევა, თუმცა ერთმა მტკივნეულმა შემთხვევამ მის ცხოვრებაში, მსახიობს აზრი შეაცვლევინა.

გიორგი ვარდოსანიძე:

“წერა არასოდეს მეხერხებოდა, ყოველთვის მერჩივნა ჩემი გრძნობები სიტყვით გამომეხატა. არც ეხლა ვიცი იმის დაწერას თუ შევძლებ, რაც ჩემში დაგროვდა ამ რამდენიმე დღეში…

ორი საათის წინ ბებია დავასაფლავე, რომელიც ჩემთვის იმაზე მეტი იყო, ვიდრე ძალიან ბევრი ჩემიანი ერთად აღებული… ბოლო ბებია, რომელიც სახეზე მყავდა და ბოლო 80 წლის ჩემი ჭკუის მეგობარი ამ ქვეყანაზე…

არ დავიწყებ იმის მოყოლას, რამხელა ამაგი და სიყვარული ჰქონდა ჩემს მიმართ… ეს ზედმეტად პირადულია და ამით სპეკულირებას ვერ დავიწყებ. სულ სხვა რამ მინდა ვთქვა, თორემ ის რომ ოჯახის წევრის დაკარგვა მტკივნეული პროცესია, ეს ყველამ კარგად ვიცით.

მარიამობა დღემ გათენება დაიწყო და ჩემს ტელეფონზე სიტყვა “მამა” დაიწერა. მივხვდი ამ ზარს რა ინფორმაციაც მოჰყვებოდა და არ შევცდი. მამამ ტელეფონში მხოლოდ ერთი წინადადება წარმოსთქვა “ბებო აღარ არის”.

4 თვე ებრძოდა სიმსივნეს და ყოველდღე სუსტდებოდა, ასე რომ, უეცარი ეს ამბავი ნამდვილად არ იყო.

ბებო დამარცხდა ბრძოლაში.

ჩემს ძმას დავურეკე და სოფლის გზას დავადექით. დიდი დრო არ სჭირდება სოფელში ჩასვლას, თუმცა ეს ნახევარი საათი მინდოდა, რომ საათებში გადაზრდილიყო, მაგრამ ეზოს კართან ზუსტად ნახევარ საათში ვიდექით. მთელი გზა ჩუმად გამოვიარეთ და სახლშიც მდუმარედ შევედით და დაგვხვდა ის, რაც უნდა დაგვხვედროდა…

სამი შვილი, რომელიც ატირებული და ქაოტური იყო, ასევე სხვა ოჯახის წევრები, რომლებიც სხვადასხვა საქმეს აკეთებდნენ. შევედი და სკამზე აცრემლებული დავჯექი. მაქსიმლურად ვცდილობდი, არ მეტირა, მაგრამ ეს არ გამომდიოდა, როდესაც დედის და ბიძების სახეებს ვხედავდი.

ამ ქაოსსა და ტკივილში გახვეულს მთავარი ჭირისუფლი დამავიწყდა, რომელიც მხოლოდ მაშინ დავაფიქსირე, როდესაც ბებოს სახეს ხელი შეეხო… ეს პაპაჩემი იყო… ადამიანი, რომელმაც ამ ბებოსთან ერთად სამოცი წელი ქორწინებაში და პირველი კლასიდან სიყვარულში გაატარა… ის იმ ღამეს საერთოდ მარტო დარჩა…

მიუხედავად შვილების, უამრავი შვილიშვილების და შვილთაშვილების, ის მაინც მარტო დარჩა.

ბებერი თითებით ბებოს თვალებს უხუჭავდა და თან იმეორებდა: “მოღალატე ხარ, ესე მარტო როგორ დამტოვე!!! ესე მარტო როგორ დამტოვე…” იმეორებდა და თან სახეზე ეფერებოდა…

ბევრი რამ მინახავს ჩემს ცხოვრებაში ცუდიც და კარგიც, მაგრამ პირველად შემშურდა იმაზე მეტად, ვიდრე მეტკინა…

თავში ერთადერთი აზრი ამეკვიატა… სიბერეში, როდესაც მეც დავხუჭავ თვალებს, ჩემს გვერდით იჯდება მოხუცი ქალი, რომელიც ამ სიტყვებს ამ სიმართლით მეტყვის, ან პირიქით, მე თუ ვეტყვი მას….

სახლში სიცარიელემ დაისადგურა და პაპასთვის მარტოობის ასი წელი დაიწყო…

თუმცა, ის ყველაზე ბედნიერია, რადგან მას ასე უყვარდა და უყვარს…

ბოდიში, ალბათ ამდენი სენტიმენტით თავი მოგაწყინეთ, თუმცა ერთადერთი რაც მინდოდა ის იყო, რომ ესეთი სიყვარული მესურვა თქვენთვის.

გაუფრთხილდით ბებიებს და ბაბუებს.”