Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

შექსპირის თემაზე შექმნილი ნამუშევრები ხელოვნების სასახლეში გამოიფინება

9 სექტემბერი, 2016

shekspir110 სექტემბერს, 18 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ხელოვნების სასახლეში გამოფენა „შექსპირი ქართულ სცენაზე“ გაიხსნება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შექსპირის პიესების მიხედვით დადგმული ისეთი მნიშვნელოვანი თეატრის მხატვრების მიერ შესრულებული სპექტაკლების ესკიზები და ფერწერული ტილოები როგორებიცაა, პეტრე ოცხელი, დავით კაკაბაძე, ფარნაოზ ლაპიაშვილი, ირინა შტენბერგი, გოგი გუნია, სოლიკო ვირსალაძე, ნიკა ყაზბეგი და სხვები.

ექსპოზიციაზე გამოიფინება ახალგაზრდა ხელოვანების მიერ შესრულებული ნამუშევრებიც, რომლებიც პროექტის „რუსთაველი და შექსპირი ხვდებიან საქართველოში“ ფარგლებში ჩატარებული კონკურსის შედეგად შეირჩა.

შექსპირი და მისი შემოქმედება თამამად შეიძლება ითქვას, ჩვენი ეროვნული სასცენო ხელოვნების, მხატვრობისა და მთარგმნელობითი მოღვაწეობის განუყრელ ნაწილად იქცა.

საქართველოს ხელოვნების სასახლეში ამ უნიკალური საგანძურის მნიშვნელოვანი ნაწილია დაცული. სწორედ ამიტომ, ხელოვნების სასახლემ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით ორ ენოვანი დიდი ფორმატის 200 გვერდიანი ფერადი კატალოგი “შექსპირი ქართულ სცენაზე” გამოსცა. კატალოგში შესულია 300-მდე სცენოგრაფიული და ფერწერული ნიმუში. აქ იხილავთ ვ.ბალანჩივაძის, დ.კაკაბაძის, პ.ოცხელის, მ.ჭიაურელის, ი.სუმბათაშვილის, ს.ვირსალაძის, გ.გუნიას. ი.შტენბერგის და სხვათა ნამუშევრებს.

ალბომში ასევე შევიდა უნიკალური აფიშების კოლექცია. გამოცემა უილიამ შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წლისთავს მიეძღვნა. შექსპირის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ამ ტიპის ალბომი საქართველოში პირველად დაიბეჭდა.

გამოფენა „შექსპირი ქართულ სცენაზე“ ხელოვნების სასახლეში ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.