Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართველი მწერალი ნობელის პრემიაზე

9 სექტემბერი, 2016

givi-margvelashvili1ნობელის პრემიაზე ცნობილი ქართველი გერმანულენოვანი მწერალი და ფილოსოფოსი გივი მარგველაშვილი წარადგინეს.

89 წლის მწერალი გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ცხოვრობს.

ინფორმაცია მისი ნობელის პრემიაზე წარდგენასთან დაკავშირებით, პოლიტიკოს ირაკლი ბათიაშვილის მეუღლემ მაია ბათიაშვილმა გაავრცელა:

“ქართულ საზოგადოებას მინდა ვახარო – ქართველი ფილოსოფოსი ბატონი გივი მარგველაშვილი ნობელის პრემიაზე წარადგინეს.“

გივი მარგველაშვილი ქართველი ემიგრანტის ტიტე მარგველაშვილის ოჯახში ბერლინში 89 წლის წინ დაიბადა. მამა-შვილი 1946 წელს მოტყუებით აღმოჩნდნენ ბერლინის საოკუპაციო ზონაში, რასაც მათი დაპატიმრება და „გასაბჭოებულ“ საკონცენტრაციო ბანაკში მოთავსება მოჰყვა. მამა დახვრიტეს, შვილი კი საქართველოში ჩამოიყვანეს და ნება დართეს, თბილისში ნათესავებთან ეცხოვრა.

გივი მარგველაშვილმა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტში ისწავლა დაამავე ინსტიტუტში წლების განმავლობაში მასწავლებლად მუშაობდა. გივი მარგველაშვილი წერდა რომანებს, მოთხრობებსა და პიესებს გერმანულ ენაზე, მაგრამ მისი არც ერთი ნაწარმოები არ დაბეჭდილა.

80-იანი წლების ბოლოს, გივი მარგველაშვილს პირველად მიეცა უფლება 40 წლის შემდეგ გერმანიაში ჩასულიყო. გერმანიაში გამოქვეყნდა გივი მარგველაშვილის მრავალტომიანი რომანის, „კაპიტანი ვაკუშის“, 2 ტომი, რომანები „მუცალი“ და „დიდი კორექტურა“, პროზაული კრებულები „გადაუგდებელი ხელთათმანი“, „სიცოცხლე ონტოტექსტში“.

მწერალი აღიარეს თანამედროვეობის ერთ-ერთ თვალსაჩინო შემოქმედად, გადაიღეს დოკუმენტური ფილმი გერმანიის ტელევიზიაში, მიიწვიეს გერსვაილერის „ქალაქის მწერლად“ გერმანიაში და ლექციების საკითხავად გერმანიისა და ამერიკის უნივერსიტეტებში.

გივი მარგველაშვილი ცნობილია როგორც ფილოსოფოსი და გერმანული ეგზისტენციალიზმის აღიარებული სპეციალისტი. 1997 წელს გივი მარგველაშვილი აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად, 2006 წელს მას გოეთეს მედალი მიენიჭა, 2013 წელს კი საქართველოში დაწესდა გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია და მისი პირველი მფლობელი თავად გერმანელ-ქართველი მწერალი გახდა.