Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“როდესაც არჩევ ბავშვის სქესს, ირჩევ ბიჭს და იშორებ გოგოს, ხარ ყველაზე ამაზრზენი სელექციონერი…”

14 სექტემბერი, 2016

baxvva1ახალგაზრდა მსახიობი ბახვა ბრეგვაძე, რომელიც მაყურებელმა სერიალით “ჩემი ცოლის დაქალები” გაიცნო, საქართველოში გოგონების და ბიჭების სელექციის თემას ეხება და ყველას, ვინც ბავშვის სქესს არჩევს, ირჩევს ბიჭს და იშორებს გოგოს, ამაზრზენ სელექციონერს უწოდებს.

ბახვა ბრეგვაძე:

“სანამ ამ საკმაოდ გრძელ ჩამონათვალს ჩამოვწერდი, ვფიქრობდი, დამეწერა პატარა მოთხრობა, სადაც მომავლის საქართველოს, უფრო სწორად კი, საქართველოს კაცური რესპუბლიკის ამბავი იქნებოდა მოთხრობილი.

ქვეყნის, სადაც უკლებლივ ყველა მოქალაქე მამრი იქნებოდა. ისინი უზომოდ კმაყოფილი იქნებოდნენ საკუთარი ცხოვრებით და კაცური ყოველდღიურობით.

სავარაუდოდ, მათი ყოფა ამორძალების მსგავსი იქნებოდა, გამრავლებისთვის მეზობელი სახელმწიფოებიდან ქალებს მოიტაცებდნენ, დააორსულებდენ და შვილთაგან მხოლოდ ბიჭებს დაიტოვებდენ. თუმცა რაღაც მომენტში მივხდი, რომ რაოდენ ცინიკურიც არ უნდა ყოფილიყო ეს მოთხრობა, შეიძლებოდა ვინმეს ჭკუაში დასჯდომოდა, თავისი ფინანსები და ენერგია, ამ საქმის განხორციელებისთვის მიეძღვნა და ერთ დღეს საქართველოს კაცურ რესპუბლიკაში გამღვიძებოდა.

არჩევანი

გასაგებია როდესაც არჩევ ტანსაცმელს და იცვამ იმას, რაც მოდაშია;
გასაგებია, როდესაც არჩევ ხილს და ჭამ მხოლოდ საღს;
გასაგებია, როდესაც არჩევ მანქანას და ყიდულობ იმას, რომელიც გაზზეა;
გასაგებია, როდესაც არჩევ საჩუქარს, შოკოლადის ფილას ან ბრილიანტის ბეჭედს;
გასაგებია, როდესაც არჩევ ლობიოს;
გასაგებია, როდესაც არჩევ შავს და თეთრს;
გასაგებია, როდესაც არჩევ საათამაშოს და ყიდულობ იმას, რაზეც ფული გყოფნის;
გასაგებია, როდესაც არჩევ ქვეყნებს და სამოგზაუროდ შარმელშეიხში მიდიხარ;
გასგებია, როდესაც არჩევ, რომელ ბანკში აიღო სესხი;
გასაგებია, როდესაც არჩევ რას უსმინო, რობის თუ რობი უილიამს;
გასაგებია, როდესაც არჩევ წიგნებს, ყიდულობ მხოლოდ ლამაზ ყდიანებს და თაროზე ფერების მიხედვით ალაგებ;
გასაგებია, როდესაც არჩევ სამსახურს, იკიდებ ღირსებას და ვირივით მუშაობ დიდი ხელფასისთვის;
გასაგებია, როდესაც არჩევ სახლს და ყიდულობ საბურთალოზე, ბეტონის ჯუნგლების შუაგულში;
გასაგებია, როდესაც არჩევ ძაღლს და ყიდულობ ყველაზე ჯიშიანს, რადგანაც ფიქრობ, რომ მეტისებს მეგობრობა არ შეუძლიათ;
გასაგებია, როდესაც არჩევ საჭმელს და ძღები შაურმით;
გასაგებია, როდესაც არჩევ სახელს და ბავშვს გიორგის არქმევ;
გასაგებია, როდესაც არჩევ ვის მისცე ვაშლი;
გასაგებია, როდესაც არჩევ რომელ მეგობარს არ დაუბრუნო ვალი;
გასაგებია, როდესაც არჩევ ვინ გახდება შენი მემკვიდრე;
გასაგებია, როდესაც არჩევ პრეზერვატივს;
გასაგებია, როდესაც არჩევ რუსეთი უფრო გიყვარს თუ ამერიკა, დედა თუ მამა, ლიმონათი თუ ბორჯომი;
გასაგებია, როდესაც არჩევ გუნდის წევრებს და არადანს სუსტებს უტოვებ;
გასაგებია, როდესაც არჩევ წითელ და ლურჯ ტაბლეტს შორის;
გასაგებია, როდესაც არჩევ თავისუფლებასა და მონობას შორის, შემდეგ კი 34 მანეთიან ფრენებს მისტირი;
გასაგებია, როდესაც არჩევ ვისი სული გსურს;
გასაგებია, როდესაც არჩევ თორმეტ სკამს შორის ყველაზე ძვირფასს;
გასაგებია, როდესაც არჩევ არიოლსა და რეშკას შორის;
გასაგებია, როდესაც არჩევ მესის და რონალდოს შორის;
გასგებია ,როდესაც არჩევ ჩაკ ნორისსა და ბრუსლის შორის;
გასაგებია, როდესაც არჩევ ბეემვეს და მერსედეს შორის;
გასაგებია, როდესაც არჩევ ნაცებს და ქოცებს შორის;
გასაგებია, როდესაც არჩევ ჩიხირთამასა და ბოზბას შორის;
გასაგებია, როდესაც არჩევ Star Trek-ს და Star Wars-ს შორის;
გასაგებია ყველაფერი, რაც არ უნდა აირჩიო;
გასაგებია ყველანაირი ხაია და მიქარვა;
გასაგებია, მისაღებია, გვესმის…

მაგრამ, როდესაც არჩევ ბავშვის სქესს – ირჩევ ბიჭს და იშორებ გოგოს
ხარ ყველაზე ამაზრზენი სელექციონერი, ვისაც კი ოდესმე დედამიწაზე გაუვლია.

აბა შენი იცი, იმედია, შენგან არავინ დაორსულდება.”