Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში იწყება

21 სექტემბერი, 2016

telavi1ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე კლასიკური მუსიკის მოყვარულებს დაუვიწყარ საჩუქარს უმზადებს.

9-15 ოქტომბერს თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება, რომელიც არა მარტო თელაველების, არამედ სრულიად საქართველოსთვის უდიდესი დღესასწაულია.

გასული საუკუნის 80-იან წლებში ცნობილი პიანისტის ელისო ვირსალაძის მიერ დაარსებული ფესტივალი, 2010 წელს განახლდა და მას შემდეგ, ყოველწლიურად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. ფესტივალი წელს მასშტაბური პროექტის Check in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება.

ტრადიციულად, ფესტივალი თელავში სხვადასხვა თაობის მსოფლიო რანგის არაერთ მუსიკოსს მასპინძლობს.

წლევანდელი საფესტივალო პროგრამა XX საუკუნის ცნობილი მევიოლინის – ოლეგ კაგანის 70 წლისთავს მიეძღვნება, რომელიც ფესტივალის დაარსების ერთ-ერთი თანამოაზრეა ელისო ვირსალაძესა და ნატალია გუტმანთან ერთად.

მთავარი სიახლე წელს ფესტივალზე ევროპული ორკესტრის ჩამოსვლაა. პოლონეთის ქალაქ კრაკოვის ბეთჰოვენის აკადემიის ორკესტრის მონაწილეობით ორი კონცერტი გაიმართება. ორკესტრს უდირიჟორებენ ევროპაში ცნობილი იაცეკ კასპშიკი და ახალგაზრდა ქართველი დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი.

პოლონური ორკესტრისა და დირიჟორის ვიზიტი საქართველოში პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.

9 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, თელავის ვაჟა- ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში 5 კონცერტი ჩატარდება. კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ აღიარებული მუსიკოს-შემსრულებლები კოლია ბლახერი, ელისო ვირსალაძე, ალექსანდრე ბუზლოვი, ახალგაზრდა მუსიკოსები უილიამ დატონი დიდი ბრიტანეთიდან, ჩან უეი ჩინეთიდან და დმიტრი შიშკინი რუსეთიდან.

ფესტივალში ასევე მონაწილეობს დავით ოისტრახის სახელობის სიმებიანი კვარტეტი და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“. ფესტივალის ფარგლებში წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმში ცნობილი საფორტეპიანო დუეტის, ნანა დიმიტრიადისა და ნანა ავალიშვილის დახურული კონცერტი გაიმართება, რომელზეც დასწრება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ბილეთებით იქნება შესაძლებელი.
რაც შეეხება საფესტივალო პროგრამას, აჟღერდება როგორც მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრები, ასევე XX საუკუნის ცნობილ კომპოზიტორთა ის ნაწარმოებები, რომლებიც საქართველოში პირველად შესრულდება.

ფესტივალის კონცერტების პარალელურად, გაიმართება მასტერკლასები ფორტეპიანოსა და ჩასაბერი ინსტრუმენტების სპეციალობებში, რომლებშიც კონსერვატორიის სტუდენტებთან ერთად, საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სალაროში 20 სექტემბრიდან და თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის სალაროში პირველი ოქტომბრიდან. ასევე, ფესტივალის ბილეთები უკვე განთავსებულია ვებ-გვერდზე www.biletebi.ge

ფესტივალს წარმოადგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
ფესტივალის ორგანიზატორია სსიპ კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი.

მხარდამჭერები: პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, „ჯიპიაი ჰოლდინგი“, წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ქალაქ თელავის მერია, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, სასტუმრო „ალაზნის ველი“, სასტუმრო „ზუზუმბო“, დეკორატიული მცენარეების სანერგე „გარდენია“ და „შატო მერე“.
საინფორმაციო მხარდაჭერა: რადიო „ფორტუნა“, რადიო ერთი, რუსთავი 2, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, საინფორმაციო სააგენტო GHN, გაზეთი Georgia Today და ტელეკომპანია ARTAREA.