Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

იუნესკოსადმი მიძღვნილი სემინარი ბათუმის მუსიკალურ ფესტივალზე

1 სექტემბერი, 2016

unesco-poster-batumi1გამოჩენილ ქართველ პიანისტს, საერთაშორისო და სახელმწიფო პრემიების ლაურეატს, ბათუმის მუსიკალური ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელს, ელისო ბოლქვაძეს, პირველად საქართველოს ისტორიაში მიენიჭა “იუნესკოს მშვიდობის არტისტის” წოდება. ჯილდო მას პირადად გადაეცა პარიზში იუნესკოს გენერალური დირექტორის, ქალბატონი ირინა ბოკოვას მიერ.

“იუნესკოს მშვიდობის არტისტის” ტიტულს ფლობენ მსოფლიო ვარსკვლავები, როგორებიც არიან სელინ დიონი, ჰერბი ჰენკოკი, პლასიდო დომიგო, სარა ბრაიტმანი, ვლადიმერ სპივაკოვი, ჯორდი სავალი და სხვები.

არტისტების ცნობადობა და პრესტიჟი მიჩნეულია მსოფლიოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საშუალებად კულტურული დიპლომატიის გასაღრმავებლად და მშვიდობის გასამყარებლად მთელს მსოფლიოში.

ამ ტიტულის მფლობელ ყველა არტისტს მინიჭებული აქვს სპეციალური ფუნქცია იუნესკოს მიერ განათლების და კულტურული შემეცნების სხვადასხვა მიმართულებით.

2016 წლის 21 სექტემბერს, 14 საათზე ბათუმის მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში სასტუმრო “ლეოგრანდის” საკონფერენციო დარბაზში გაიმართება იუნესკოსადმი მიძღვნილი სემინარი, მშვიდობის ელჩებთან ერთად.

ბათუმის ფესტივალის ფარგლებში, 2015 წლის 15 სექტემბერს, დასკვნით საღამოს ეწვია ბატონი ერიკ ფალტი, იუნესკოს გენერალური დირექტორის მოადგილე.

წლევანდელი სემინარის მთავარი თემა იქნება მუსიკის ენით მშვიდობის დამყარება კონფლიქტურ რეგიონებში.

სემინარს გაუძღვებიან იუნესკოს მშვიდობის ელჩები, ფრანგი პიანისტი სიპრიან კაცარისი და სუდანელი არტისტი, ალი მაჰდი.

21 სექტემბერს ჩატარებულ კონფერენციაზე ძირითადი აქცენტები გაკეთდება საქართველოში იუნესკოს კულტურულ მემკვიდრეობაში არსებულ ძეგლებზე, ასევე, მომავალი თაობის მუსიკალური განათლების და შემეცნების ამაღლების საშუალებებზე.

ელისო ბოლქვაძე გადასცემს დიპლომებს ახალგაზრდა მუსიკოსებს მასტერკლასებში მონაწილეობისთვის.