Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ბულგარელი დრამატურგის პიესა ქართულ სცენაზე პირველად დაიდგმება

29 სექტემბერი, 2016

polkovnikis-plakati-1პირველად ქართულ სცენაზე – ბულგარელი დრამატურგის ხრისტო ბოიჩევის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და აქტუალური პიესა „პოლკოვნიკი-ჩიტი“ დაიდგმება.

სპექტაკლის პრემიერა 5, 6 და 9 ოქტომბერს 20 საათზე ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე მეექვსე სართულზე გაიმართება.

საერთაშორისო ბრიტანული საბჭოს 1997 წელს გამარჯვებულ და 40-ზე მეტ ქვეყანაში დადგმულ პიესას საქართველოში რეჟისორი თამაზ იმნაძე დგამს. სპექტაკლის მხატვარი ნიკოლოზ საბაშვილია.

ახალ წარმოდგენაში მონაწილეობენ მსახიობები პაატა კიკვაძე, მერაბ ბრეკაშვილი, გიორგი გოიგიშვილი, სოფიო ფერაძე, დევი რეხვიაშვილი, ვასილ ამურველაშვილი, გოგა ბერიძე.

მოზარდ მაყურებელთა თეატრის ექსპერიმენტული სცენა მაყურებელს პოლიტიკურ ფარსს შესთავაზებს. პიესაში მოქმედება ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ბოსნიასა და სერბეთს შორის მდებარე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ვითარდება, რომელიც სინამდვილეში მთელი სამყაროა – სამყარო გარშემორტყმული ომით და მგლებით. კარგად ჩანს, თუ როგორ აქცია გარემომ ადამიანები ვითომ პოლიტიკოსებად, ვითომ მუნჯებად, ვითომ ყრუებად – ვიღაც ქურდია, ვიღაც მონანიე ცოდვილი. ექიმი არ ექიმობს, სამაგიეროდ, მშვიდად აკვირდება ექსპერიმენტს, რომელიც უხილავმა ძალამ წამოიწყო. შედეგად „ღმერთი გაფრინდა და მიატოვა ადამიანი“.

სინამდვილეში კი ადამიანებმა მიატოვეს ღმერთი… და თუ ასეა, მაშინ სალდაფონი (რუსი) თავისი მუშტრითა და მუშტით მოინდომებს გამოიყვანოს საგიჟეთის ბინადარნი და ამას „გამოსვლად“ მიიჩნევს. მის მუშტსა და მუშტარს ყველა ემორჩილება… სანამ „გამოსვლას“ პოლკოვნიკ ფეტისოვის მსგავსნი ჩაუდგებიან სათავეში, მანამ ვერავინ ვერსად გავა და ვერც ვერსად მივა.