12 სექტემბერი, 2016

ხელოვანები ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეს ღონისძიებას მიუძღვნიან

ilias-mkvleloba112 სექტემბერი ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეა. ეს დღე წელს უკვე მესამე წელია საჯარო ღონისძიებებით აღინიშნება შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივის“ მიერ.

პროექტში „დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“ 20 სხვადასხვა თაობის ხელოვანი იღებს მონაწილეობას. ღონისძიების გახსნის ცერემონია 13 საათზე სიონის ტაძრის ეზოდან დაიწყება, საიდანაც გამოასვენეს ილია ჭავჭავაძის ნეშტი.

გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ პოეტები თინათინ მღვდლიაშვილი და ერეკლე საღლიანი. საჯარო მსვლელობისას, რომელიც სიონის ტაძრიდან მთაწმინდის პანთეონამდე მოეწყობა, პროცესია სიმბოლურად ფეხით გაივლის ზუსტად იმ გზას, რა გზითაც ილიას ცხედარი ააბრძანეს მთაწმინდაზე. გზად კი პროცესიას ფონად გაჰყვება ილიას ნაწარმოებების უიშვიათესი ჩანაწერები, წაკითხული ქართული თეატრის ისეთი კორიფეების მიერ, როგორებიც იყვნენ გურამ საღარაძე, ზინა კვერენჩხილაძე, სერგო ზაქარიაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი…

15 საათზე მხატვრული კომპოზიცია დაიწყება მთაწმინდის პანთეონში. ილიას მკვლელობის თემაზე აგებულ დადგმაში მონაწილეობას მიიღებენ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები ნინო კობერიძე, ვალერი კორშია, საქართველოს დამსახურებული არტისტი სოსო გოგიჩაიშვილი, მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობები ქეთევან შერვაშიძე და ასმათ ქურციკიძე, თუმანიშვილის თეატრის მსახიობი მანანა სურმავა და ახალგაზრდა მსახიობები გიორგი იარაჯული, თეკა კოხრეიძე, თორნიკე ჩიხლაძე, თამარ ადამია, გიორგი გურული, ლაშა ჩხვიმიანი და პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი, რეჟისორი და მსახიობი გიორგი სავანელი.

17 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის სადღესასწაულო დარბაზში დაგეგმილი წიგნის პიესა „საუკუნის მკვლელობა – გზა ილიასი“ პრეზენტაციის შემდეგ, მოეწყობა ამავე პიესის თეატრალიზებული კოსტიუმირებული წარმოდგენა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმყურებელთა თეატრში ამავე პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის მონაწილე მსახიობების მიერ.

ღონისძიებების ყველა ეტაპზე დასწრება ნებისმიერი მსურველისათვის თავისუფალი იქნება. ღონისძიება თავის თავში აერთიანებს კულტურულ-სახელოვნებო და შემეცნებით მიმართულებას, იმის გარდა, რომ იგი, საზოგადოებრივი და მოქალაქეობრივი თვალსაზრისით აქტუალური და პრიორიტეტული სამოქალაქო ჟესტია.