30 სექტემბერი, 2016

მსოფლიოში აღიარებული მევიოლინე თელავის მუსიკალურ ფესტივალზე

koliaმსოფლიოში აღიარებული მევიოლინე კოლია ბლახერი საქართველოში ჩამოვა და თელავში საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე კონცერტებს გამართავს.

5 ოქტომბერს, ვენის კონცერტჰაუსის შემდეგ, კოლია ბლახერის დატვირთულ საკონცერტო განრიგში საპატიო ადგილზე თელავის ფესტივალია.

მუსიკოსი სტრადივარიუსის ვიოლინოზე უკრავს, რომელიც 1730 წელს არის დამზადებული და ქალბატონ კიმიკო პაუერსს ეკუთვნის.

სწორედ კოლია ბლახერი გახსნის წელს მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს თელავში. 9 ოქტომბერს ქართველი მსმენელისთვის მევიოლინე ბეთჰოვენის აკადემიის ორკესტრთან ერთად დაუკრავს. წელს პირველად თელავის ფესტივალის ფარგლებში შედგება კოლია ბლახერის დუეტი ელისო ვირსალაძესთან. კამერული მუსიცირების ორი ოსტატი მსმენელის წინაშე 11 ოქტომბერს წარსდგება და მსმენელს სონატების საღამოს შესთავაზებს.

კოლია ბლახერს შემოქმედებითი თანამშრომლობა აკავშირებს მსოფლიოში ცნობილ ორკესტრებთან და დირიჟორებთან. კლაუდიო აბადო, ალან გილბერტი, დენიელ ჰარდინგი, ვლადიმერ იუროვსკი, დიმიტრი კიტაენკო, დიეგო მატეუსი, კენტ ნაგანო, მათიას პინჩეტი, კარლ ჰაინს შტეფენსი და მარკუს შტენცი – ეს იმ მაესტროების ჩამონათვალია, რომლებთანაც მევიოლინე სხვადასხვა კონცერტებში მონაწილეობს.

კოლია ბლახერი უკრავს კამერულ მუსიკას კირილ გერშტეინთან და კლემენს ჰაგენთან ერთად, ატარებს კონცერტებს ვასილი ლობანოვთან, ნატალია გუტმანთან, ვოლფრამ კრისტთან და ალოიზ პოშთან ერთად ლონდონში, პარიზში, ციურიხში, ბადენ-ბადენში, ბერლინში, ფლორენციასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში.

2011 წელს გუსტავ მალერის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამოუშვა დისკი შუმანის სავიოლინო კონცერტის ჩანაწერით, სადაც მევიოლინე დირიჟორიც არის და სოლისტიც.

kol

კოლია ბლახერის რეპერტუარშია ბერიოს, ჰარტმანის, ჰენცეს, ჰინდემიტის, მარტინუს, ლუტოსლავსკის, შიმანოვსკის, შონბერგისა და მაგნუს ლინდბერგის სავიოლინო კონცერტები. მის პროექტებს მიეკუთვნება ბახის სოლო სონატების ჩანაწერი ანდრეას გრიფიუსის ტექსტის თანხლებით, ასევე სტრავინსკის “ჯარისკაცის ამბავი”, რომელშიც ბლახერი თავად არის მევიოლინეც და დეკლამატორიც (რეჟისორი რუთ ბერგჰაუზი).

თელავის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის შემდეგ მუსიკოსი კონცერტს გამართავს მილანის ჯუზეპე ვერდის სახელობის სიმფონიურ ორკესტრთან – როგორც სოლისტი და დირიჟორი, რასაც მოჰყვება კონცერტები დიუსელდორფის ტონჰალეში და ბერლინის ფილარმონიაში.

კოლია ბლახერის წლევანდელი კონცერტების გეოგრაფია მოიცავს დანიას, აშშ-ს, გერმანიას (დრეზდენი, ჰამბურგი), საფრანგეთს (პარიზი), კვლავ გერმანიის ქალაქებს – შტუდგარტი, ჰალე, დესაუ, ხემნიზი და ბოხუმი. მევიოლინე გამართავს სოლო რეციტალს – ტაი-პეიში (ტაივანი) და ტოკიოში, ხოლო შემდეგ კუალა-ლუმპურში, საბადელში და ბარსელონაში (ესპანეთი).