25 აგვისტო, 2016

“უგემოვნო, სუსტი, გოიმური… სამარცხვინოა!”

musikosebi1“ასეთი უგემოვნო, სუსტი, გოიმური, კიჩის ყველაზე უფრო რადიკალური ფორმის ნიმუშები ერთად თავმოყრილი დიდი ხანია არ მინახავს, თან როცა ზარ-ზეიმით აღინიშნება და ღია ცის ქვეშ მოურიდებლად იფინება,” – ასე ეხმაურება ამერიკაში მოღვაწე ახალგაზრდა მხატვარი ლევან სონღულაშვილი შეკვეთილში მუსიკოსების პარკის გახსნას.

ბლექ სი არენას მიმდებარე ტერიტორიაზე გახსნილ მუსიკოსების პარკში ქართველი და უცხოელი მუსიკოსების ძეგლებია განთავსებული, სადაც მათი სიმღერებისა და მუსიკის მოსმენაა შესაძლებელი. სკულპტურასთან მიახლოებისას კი კონკრეტული კომპოზიტორისა თუ მომღერლის ცნობილი მელოდია ირთვება.

დღესდღეობით მუსიკოსების პარკში 23 სკუპლტურაა – ზაქარია ფალიაშვილის, ევგენი მიქელაძის, ჯანსუღ კახიძის, რევაზ ლაღიძის, უიტნი ჰიუსტონის, ედიტ პიაფის, ბიბი კინგის, მაიკლ ჯექსონის, რეი ჩარლზის, ფრენკ სინატრას, ჯიმი ჰენრიქსის… წლის ბოლომდე მათი რაოდენობა 35-მდე გაიზრდება.

შეკვეთილში გახსნილი მუსიკოსების პარკი ქართველმა ხელოვანებმა გააკრიტიკეს.

ნიკოლოზ ლაგვილავა, საოპერო მომღერალი:

– ამ ადამიანების ოჯახის წევრებმა იციან ამ “პანთეონის” არსებობა??? სამარცხვინოა… ავტორი… ავტორიიიიიიიიი…

ნატალია ქუთათელაძე, საოპერო მომღერალი:

– კაკაჩიების აკლდამა… ნანის ვეძებ და ალბათ არის და ვერ ვცნობ…

თამარ მუქერია, რადიო “მუზას” წამყვანი:

– ერთს ბარი ვაითი შუფუტინსკი ეგონა.

ლევან სონღულაშვილი, მხატვარი:

– იდეა ჩანასახში ნამდვილად კარგია… მაგრამ ასეთი უგემოვნო, სუსტი, გოიმური, კიჩის ყველაზე უფრო რადიკალური ფორმის ნიმუშები ერთად თავმოყრილი დიდი ხანია არ მინახავს, თან როცა ზარ-ზეიმით აღინიშნება და ღია ცის ქვეშ მოურიდებლად იფინება. პირველ რიგში, ლანდშაფტის შეურაცხყოფაა, შემდგომ მოსახლეობის გემოვნებისა და დედა ბუნების დამახინჯება, რომელიც ამ “ბეზდელუშკების” უკან მოსჩანს.

ეს იმ გაპრიალებული ოქროსფერი სათამაშოს სერიიდანაა (წმ. გიორგის ძეგლი), თავისუფლების მოედანზე საახალწლოდ ნაძვის ხის მორთულობად რომ იქცევა ხოლმე, თუ ოთაო მეღვინეთუხუცესის ან როლანდ რეიგანის “სტატუეტკების”?

ყოველგვარი სარკაზმის გარეშე, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რაც ათწლეულებია ტვირთად გვაწევს და საზოგადოების ცნობიერების სტაგნაციას უწყობს ხელს.