19 აგვისტო, 2016

“თურმე რამხელა ტყუილთან გვქონია საქმე!”

anita1მეცო სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი არდადეგებს მშობლიურ ქალაქში ატარებს. დასვენების ნაცვლად, საოპერო მომღერალი კოლეგებთან ერთად სხვადასხვა კონცერტებში მონაწილეობს, საზოგადოებრივ აქტივობებშიც არის ჩართული და მოუწოდებს ყველა თანამემამულეს, მხარდაჭერისა და თანადგომისაკენ.

ანიტა რაჭველიშვილი:

“გუშინწინ მერიამ დაგვამშვიდა, რომ ხეების ჩეხვა შეჩერებულიაო ყაბეგის 24 ნომერში! დიდი მადლობაც კი გადავუხადეთ საჯაროდ, თურმე რამხელა ტყუილთან გვქონია საქმე! არაფერი არ შეუჩერებიათ! ყაზბეგის 24-ში არც ერთი ხე აღარ დარჩა. მიწასთან არის გასწორებული ყველაფერი! ორბი ჯგუფი და მერიის ის თანამშღომლები ვინც ეს დაუშვა, ჩვეულებრივი კრიმინალები ხართ და რაც ჩაიდინეთ იქ 40 ადამიანის მკვლელობის ტოლფასია!

თბილისის მერიის მიმართ ძალიან დიდი იმედით ვიყავით განწყობილი, ძალიან გაგვიხარდა ყველა ის გვერდში დგომა და ინიციატივა და იმედი გაგვიჩნდა. ამით ყველაფერს ხაზი გადაუსვით და ჩვენი შეკითხვაა რატომ?! რატომ ანადგურებთ ქალაქს, სადაც თქვენც ცხვრობთ, სადაც ჩვენი და თქვენი შვილები იზრდებიან! რატომ გინდათ დაავადებების გავრცელებას შეუწყოთ ხელი, რატომ არ განაღვლებთ არაფერი?! რატომ?!”