9 აგვისტო, 2016

პანტომიმის თეატრი სომხეთში მიდის

1pantomimis-teatriამირან შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის სახელმწიფო თეატრი გასტროზე სომხეთში მიდის.

თეატრის დასი სომხეთის პანტომიმის საერთაშორისო ფესტივალზე 10 აგვისტოს გაემგზავრება.
ქართველი მიმები ფესტივალზე სპექტაკლს “კრიმანჭული” წარადგენენ. ეს სპექტაკლი ამირან შალიკაშვილის შედევრია, რომელიც 90-იან წლებში შეიქმნა და დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. 7 გრანპრის მფლობელი ”კრიმანჭული” არის კომედია ქართულ პანტომიმაში.

მაესტრო ამირან შალიკაშვილი კი მასტერკლასს ჩაატარებს სახელწოდებით ”ქართული პანტომიმის განსხვავება”.

ფესტივალი 10-14 აგვისტოს გაიმართება და მასში სხვადასხვა ქვეყნის პანიტომიმის თეატრები მონაწილეობენ. მიმები საქართველოდან, სომხეთიდან, ირანიდან, რუსეთიდან, სამხერთ აფრიკიდან, უკრაინიდან, სერბეთიდან, განადან, საფრანგეთიდან საკუთარი რეპერტუარიდან საუკეთესო სპექტაკლებს ითამაშებენ, მასტერ კლასებს ჩაატარებენ და მიმების საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას.

ესპანეთი, საბერძნეთი, სერბეთი, პოლონეთი – ეს ბოლო პერიოდის გასტროლებია, რაც ვერ შედგა ფინანსების გამო. სწორედ ამ ქვეყნებიდან მიღებულ მიწვევებზე პანტომიმის თეატრს უსახსრობის გამო უარის თქმა მოუწია.

რაც შეეხება სომხეთის გასტროლს, ქართველი მიმები ერევანში საკუთარი ხარჯებით მიდიან, რადგან მივლინების ბიუჯეტი ნულია.