2 აგვისტო, 2016

პაატა ბურჭულაძე “იავნანასთან” დაკავშირებულ ბრალდებებს პასუხობს

1paata-burchuladze-iavnanas-agar-uxelmdzgvanelebsპაატა ბურჭულაძის მიერ 13 წლის წინ დაარსებულ საქველმოქმედო ფონდს “იავნანა” ბოლო დროს თანხების არამიზნობრივად ხარჯვაში და გაფლანგვაში ადანაშაულებენ.

პაატა ბურჭულაძემ ფონდთან დაკავშირებულ ბრალდებებს საჯაროდ უპასუხა:

“სამარცხვინო კამპანიის მცდელობები, რომელთაც ვერ მოჰყვა მათთვის “საჭირო” რეზონანსი, ამჟამად შეცვალეს ჩემი ცხოვრების მრავალწლიანი საამაყო საქმის – ფონდ “იავნანას” მისამართით განხორციელებული უპრეცედენტო ცილისმწამებლური თავდასხმით.

ანალოგიური შეტევები ფონდ “იავნანაზე” 2009 წელს წინა ხელისუფლების დროსაც განხორციელდა. დღეს უკვე მოქმედი ხელისუფლება კიდევ უფრო მიუღებელი ფორმებით მოქმედებს. ამის მიზეზი იყო და არის ის, რომ არასდროს, არავის პოლიტიკური ნების შემსრულებელი არ ვყოფილვარ და არც ვიქნები.

ყველას გასაგონად ვაცხადებ, რომ ეს ბინძური კამპანია მიმართულია ქართველ ერში სიკეთისათვის გაერთიანებული ერთობის დისკრედიტაციის, ჩვენი ახლად შექმნილი პოლიტიკური მოძრაობის და რეალური კონკურენტის გზიდან ჩამოსაცილებლად, რათა ამ გზით გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნის დარჩენილი დღეები.

სამარცხვინოა დაუკვეთო სამარცხვინო პასკვილი, რომელიც პაატა ბურჭულაძეს ბავშვებისთვის, სტუდენტებისათვის შეგროვილი ფულის ჯიბეში ჩადებას დააბრალებს. ეს არის მცდელობა ქართველ ერში ჩაკლან საუკუნეებით სისხლში გამჯდარი სიკეთის კეთების იდეალები.

დარწმუნებული ვარ, ამ პასკვილის შემკვეთს და მის შემსრულებლებს “იავნანას” ფონდისთვის არც ერთი თეთრი არ შეუწირავთ. ის თანხები კი, რომლებიც ამ სულმდაბალი კამპანიისათვის დამკვეთმა დახარჯა, არაერთი მრავალშვილიანი ოჯახისთვის თბილი სახლის გასაღებს შეიძენდა და უსახლკარო ბავშვების სულში იმედს გააჩენდა.

გარწმუნებთ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაუსრულებელი თავდასხმებით მე და ჩემს ახალ პოლიტიკურ მოძრაობას თავის მართლების რეჟიმში ვერ გადაგვიყვანთ. იმ შესაძლებლობების სარკმელს, რომელიც შეუძლია ჩვენს პოლიტიკურ ძალას გაუღოს საქართველოს – ვერავინ ჩარაზავს.

ვპირდები ჩემს ხალხს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან შევქმნით ისეთ ატმოსფეროს, სადაც ადგილი აღარ ექნება სიძულვილს და ცილისწამებას. მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება მხოლოდ ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისაკენ.”