Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“მისთვის ერთი თბილი ღიმილი და ჩახუტებაც ბედნიერებაა”

19 აგვისტო, 2016

malibus-ivane1– მინდა ძალიან მაგარი ბიჭის შესახებ მოგიყვეთ, -ასე იწყებს ამბავს “იქს ფაქტორის” მესამე სეზონის მონაწილე მალიბუ ტუღუში, რომელიც ფართო საზოგადოებას 12 წლის ივანეს აცნობს:

“მინდა ძალიან მაგარი ბიჭის შესახებ მოგიყვეთ.

ეს ბიჭი არის ივანე, 12 წლის, ლაღი, ცელქი, მაგრამ ამავდროულად სევდიანი თვალები აქვს… თუმცა როდესაც ოჯახს ეხება საქმე, სერიოზული კაცი ხდება. გუშინ მეგობრები სახინკლეში ვიყავით და ამ დროს ეს ბიჭი ძალიან სწრაფად შემოვარდა და ყველას ეკითხებოდა – ვარდები არ გინდათ? მიმტანი მოვიდა და გარეთ უშვებდა, როდესაც დავუძახე და ვთხოვე ჩემთან მოსულიყო, მე ვიყიდი ვარდს-თქო. თვალები გაუბრწყინდა და სიხარულით მოვიდა, მიმტანს გაეღიმა ვანიშნე, რომ ჩემთან იქნებოდა და საშიში არაფერი იყო.

ორი ვარდი ვიყიდეთ და ვთხოვეთ, რომ ცოტახანი ჩვენთან ყოფილიყო,თავიდან მოიმორცხვა, მაგრამ შემდეგ დავიყოლიეთ და მოგვიჯდა გვერდით. არ მოგერიდოს, თუ რაიმე გინდა მითხარი და მოვატანინებ-თქო ვუთხარი, მაგრამ არა, არ მინდა სახლში მივალ და შევჭამო, მთელი დღე ასე ვარ, მშიერი ვძლებ, არ არის პრობლემა ეგ ჩემთვისო. მიმტანს ვთხოვე ხინკალი წასაღებად გაემზადებინა, ამაზე სახე შეეცვალა ივანეს, არა, არ მინდა, გთხოვ, უბრალოდ ცოტახანი ვიჯდებიო.

მიუხედავად ასეთი მძიმე ცხოვრებისა, ივანეს საყვარელი დედის აღზრდა ძალიან ემჩნეოდა, რომელშიც მისი ვაჟკაცური ბუნება იკვეთებოდა. დროის ის მცირედი მონაკვეთი, რაც მან ჩვენ დაგვითმო, შეეძლო ვარდების გასაყიდად გამოეყენებინა. ივანეს პიროვნებაში ყველაზე მეტად მომხიბლა მისმა კულტურამ. შემდეგ მოვიდა მიმტანი და გვეუბნება, რომ იმდენად დაშინებულია ბავშვი აქ ყოფნით, ალბათ ამიტომ გეუბნებათ უარსო. გამიკვირდა დაშინებული რატო თქო? გვიკრძალავენ მათ შემოშვებას და… ხო ეგრე გამოდის, ვყრითო. ახლა ჩემთან არის და როგორც მე მიმიღებთ, ისე უნდა მიიღოთ ივანეც თქო. გაეღიმა მიმტანს და რა თქმა უნდაო, მიპასუხა. ეს რომ ივანემ გაიგო ცოტათი მოდუნდა, საუბარი დაიწყო.

ახლა ამ ხინკალს რომ გაამზადებენ შენს ოჯახს წაუღე,შენ კი აქ ჭამე კარგი? არა, მე აქ არ მინდა, მე ის კაცი არ ვარ, ჩუმად ვჭამო და ოჯახი მშიერი დავტოვოო. ოჯახის შესახებაც ვკითხეთ, როგორც გვითხრა შვიდნი არიან, სულ ცხრანი იყვნენ და-ძმა, მაგრამ ორი გარდაიცვალა, მთელი ოჯახი ყვავილების გაყიდვით არის დაკავებული. იგი სწავლობს და ამავდროულად ოჯახს ეხმარება. ჩემთვის მთავარია ჩემი ოჯახი იყოს კარგადო. ის ბედნიერი იყო, იცინოდა მორცხვად.

შემომხედა და შენ ის არ ხარო? იქს ფაქტორში რომ იყავი, ქუდი გეხურა, მახსოვხარო. კი მე ვარ, გამიხარდა, რომ მიცანი თქო. გაეცინა და ისევ მორცხვად ჩაღუნა თავი, ბევრი ვისაუბრეთ, მიმტანმა ამ დროს ხინკალი მოიტანა, ვთხოვე ხინკალი სადმე დაედო და წასვლისას გაეტანებინა, მაგრამ როგორც გავიგეთ, დედამისი ელოდებოდა ქვემოთ, ამიტომ ჩემი მეგობარი ჩაჰყვა ივანეს, ხინკალი გადასცა დედას, ნებართვა ითხოვა, რომ ივანე ისევ ამოსულიყო ჩვენთან. მოხუცებული დედა ჰყავდა, ისიც ყვავილებს ჰყიდდა, ბედნიერი თვალები ჰქონდა, კარგით, ცოტახანი იყოს თქვენთანო.

ივანეს, როგორც ჩანს, დედის ნებართვა ყველაზე მეტად გაუხარდა და სიხარულით გვითხრა, აი, ახლა ლიმონათს დავლევო. გაგვიხარდა და, რა თქმა უნდა, ლიმონათი მოუტანეს..

კიდევ ბევრჯერ მინდა რომ შეგხვდეთო, მე თბილისშიც ვარ ხშირად და გნახავთ ხოლმეო, იქ ბაბუ მყავს და სკოლაშიც იქ დავდივარო. მოგვიყვა, თუ როგორ ყიდის ყვავილებს მთელი დღე, კარგა ხანი მირჩევდა ვარდს, ლამაზს მოგცემო. გვიყვებოდა თუ როგორ აკეთებდა დედა და მისი და ამ ყვავილებს, ღმერთო, როგორი ბედნიერი იყო.

ასეთი მაგარი ბიჭი არ მინახავს ჯერ! ცრემლებს ვერ ვიკავებდი, როდესაც ვუსმენდი მას, მაგრამ მივხვდი, რომ ცრემლი კი არა ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი, რადგან არსებობენ ასეთი ადამიანები! ბედნიერები უნდა ვყოფილიყავით, რადგან შევძელით ერთი დღე ოდნავ მაინც გაგვეფერადებინა მისთვის…

როდესაც ივანე წავიდა, უკვე რამოდენიმე ბავშვი შემოვიდა, ყვავილებს ყიდდნენ და საბედნიეროდ არცერთი არ გაუგდიათ გარეთ. დაგვემშვიდობა ივანე, მადლობაო და წავიდა, გავაცილეთ და დაუბრუნდა ისევ მის ძველ ცხოვრებას.

მაგარი ბიჭია ივანე ლაღი, ცელქი, მაგრამ სევდიანი თვალებით, რომელიც თქვენ შეიძლება თბილისში ხელგამოწვდილი შეგხვდეთ და არა ყვავილებით… მისთვის ერთი თბილი ღიმილი და ჩახუტებაც ბედნიერებაა. თქვენთვის მცირედი მაგრამ ივანესთვის მნიშვნელოვანი… და მთავარი: ასეთი მხოლოდ ივანე არ არის!”