21 აგვისტო, 2016

ლიანა ისაკაძის გზავნილი აფხაზეთში

gamis-serenadebiმსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინე ლიანა ისაკაძე თავისი შემოქმედებით სიყვარულს და სიკეთეს უგზავნის ჩვენს პლანეტას.

ამის დასტურია საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ და მისი 35 წლიანი ისტორია, რომელიც წარმატებით გრძელდება. მისი უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი, ლეგენდარული მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძე 70 წლისაა…

საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს, საქართველოს უმშვენიერეს მხარეში, აფხაზეთში დაარსდა და 8 წლის განმავლობაში, ბიჭვინთაში დიდი წარმატებით ტარდებოდა.

სამწუხაროდ, 1991 წელს ფესტივალმა თავისი არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, ისევ შავიზღვისპირეთში, ბათუმში აღდგა. წლების განმავლობაში ფესტივალისადმი დიდმა ინტერესმა განაპირობა მისი გეოგრაფიის გაფართოება, რიც გამოც, 2014 წლიდან, “ღამის სერენადები” პარალელურად თბილისშიც ტარდება, ხოლო 2015 წლიდან მას უკვე ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი ეწოდა.

2016 წელს “ღამის სერენადები” უკვე მერვედ გაიმართება და ამჯერად მას ანაკლიაც უმასპინძლებს. ეს იქნება ლიანა ისაკაძისა და მისი მეგობრების მუსიკალური გზავნილი აფხაზეთში, სადაც საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ დაიბადა.

საფესტივალო საღამოები 27 და 28 აგვისტოს ბათუმში გაიმართება სასტუმრო ჰილტონის დარბაზში, 30 აგვისტოს – ანაკლიაში ღია ცის ქვეშ, ხოლო 2, 3 და 4 სექტემბერს – თბილისში. დედაქალაქში კონცერტებს უმასპინძლებს სასტუმრო „ბილთმორი“ 2 სექტემბერს, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზი 3 სექტემბერს, ოპერის თეატრი 4 სექტემბერს, სადაც ლიანა ისაკაძის იუბილისადმი მიძღვნილი დასკვნითი საფესტივალო საღამო და გალა-კონცერტი გაიმართება.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი მუსიკოს-შემსრულებლები, ასევე მსოფლიო კამერული ანსამბლი „ვირტუოზები“, რომელიც ლიანა ისაკაძის ინიციატივით შეიქმნა.