21 აგვისტო, 2016

კარნეგი ჰოლი ქართველი ხელოვანების კონცერტს უმასპინძლებს

inga-testმსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო სივრცეში – კარნეგი ჰოლში ქართველი ხელოვანების კონცერტი გაიმართება.

პირველ ოქტომბერს ნიუ იორკში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი მუსიკოს შემსრულებლები – ჩელისტი ლიზი რამიშვილი და პიანისტი ინგა ქაშაკაშვილი.

საღამოზე ბეთჰოვენისა და შუმანის ნაწარმოებებთან ერთად, შესრულდება ნიუ იორკში მოღვაწე ქართველი კომპოზიტორის გიორგი ოუკლის ნაწარმოები.

“არტინფო” ინგა ქაშაკაშვილს, ლიზი რამიშვილს და გიორგი ოუკლის უფრო ახლოს გაგაცნობთ:

ინგა ქაშაკაშვილი, პიანისტი:

ingak1231ჩემი პირველი საშემსრულებლო ნაბიჯები დაკავშირებულია ჩემს საყვარელ და მშობლიურ ქალაქ ქუთაისთან, სადაც ვისწავლე და დავამთავრე მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი ციცინო თოდუას კლასში. ამას მოჰყვა ჩემი პირველი საერთაშორისო წარმატება და კონკურსი ინგლისში, რომელმაც გამიყვანა საერთაშორისო ასპარეზზე. შემდგომ დავამთავრე თბილისის სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია პროფესორ ნინო ქათამადძის კლაში, რამაც მომიტანა ჩემი შემდეგი საერთაშორისო გამარჯვება ამერიკაში საფორტეპიანო კონკურსზე.

2003 წლიდან ვმოღვაწეობ ამერიკაში. ამ ხნის მანძილზე ვისწავლე ისეთ სახელოვან უნივერსიტეტებში, რომელიც არის Depaul University, Mannes College of Music და ამჟამად დოქტორის ხარისხზე ვმუშაობ Rutgersis უნივერსიტეტში. ვისწავლე ისეთ ბუმბერაზ მუსიკოსებთან და პიანისტებთან როგორებიც არიან ეთერ ანჯაფარიძე და ვლადიმირ ფელტსმანი. ამ ხნის მანძილზე აქტიურად ვარ ჩართული საშემსრულებლო მოღვაწეობაში და დავუკარი ისეთ პრესტიჟულ დარბაზებში როგორიცაა: carnegi hall, merkin hall, jazz at lincoln center, metropolitan opera, Steinway hall, le poissen rouge (New york) და ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში ვმართავ სოლო კონცერტებს და მასტერკლასებს.

– კარნეგი ჰოლში დაგეგმილი კონცერტისთვის როგორ შეირჩა მონაწილეები?

– ამ კონცერტის ძირითადი მიზანი იყო, რომ შეგვერჩია მაქსიმალურად მრავალფეროვანი პროგრამა, რომელიც მოიცავს კლასიკურ, რომანტიულ და ახალ მუსიკას. თითოეული მონაწილე არის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი თავის საშემსრულებლო ხელოვნებაში. ამაზე მეტყველებს არამარტო მათი საერთაშორისო მიღწევები, არამედ შესრულების ხარისხიც. მეამაყება, რომ ასეთ გამორჩეულ კოლექტივთან ვთანამშრომლობ.

– პირველად მართავთ კონცერტს მსოფლიოს ერთ-ერთ პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზში?

– არა, ეს ჩემი მესამე გამოსვლაა Karnegie hall-ის სცენაზე. პირველად 2009 წელს გამოვედი სოლო კონცერტით, 2011 წელს გამოვედი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, სადაც შევასრულე გიორგი ოუკლის საფორტეპიანო კონცერტი.

– ლიზი რამიშვილი თქვენი ინიციატივით მონაწილეობს კონცერტში?

– ლიზი რამიშვილი კომპოზიტორ გიორგი ოუკლის ინიციატივით არის მოწვეული, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს სასიამოვნო ფაქტი მოხდა გამოჩენილი ქართველი ბარიტონის ზურაბ ნინუას რეკომენდაციით.

– გიორგი ოუკლისთან აქტიურად თანამშრომლობთ?

– პატივი მხვდა წილად, რომ პირველად შემესრულებინა მრავალი მისი ნაწარმოებები. აგრეთვე დიდი ენთუზიამით ვარ ჩართული ახალი მუსიკის წარდგენაში და უკვე ვითანამშრომლე ისეთ გამოჩენილ კომპოზიტორებთან, როგორებიც არიან Richard Danielpour და Robert Aldridge.

– მიუხედავად იმისა, რომ ახლა კარნეგი ჰოლში დაგეგმილი კონცერტისთვის ემზადებით, კიდევ სად გამართავთ კონცერტებს?

– გარდა ამ კონცერტისა, ვმუშაობ რამდენიმე პროექტზე, რომელიც განხორციელდება ახლო მომავალში ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში.

– თბილისელ მსმენელს როდის მიეცემა თქვენი მოსმენის შესაძლებლობა?

– ჩემთვის ძალიან დიდ მნიშვნელობას წარმოადგენს საქართველოში კონცერტის გამართვა და ამ მიმართულებითაც იგეგმება საინტერესო პროექტები.

ლიზი რამიშვილი, ჩელისტი:

lizi123

– ჩემთვის კარნეგი ჰოლში კონცერტის გამართვა დიდი პატივი და სიამოვნებაა. აგრეთვე ძალიან საპასუხისმგებლოა და საინტერესოა იქ მყოფ მსმენლთან შეხვედრა.

– პიანისტ ინგა ქაშაკაშვილთან პირველად თანამშრომლობთ?

– პიანისტ ინგა ქაშაკაშვილთან პირველად ვითანამშრომლებ, რაც ჩემთვის ძალზედ სასიამოვნო ფაქტია, რადგან ქალბატონი ინგა გახლავთ ძალიან საიტერესო მუსიკოსი და ნიჭიერი ქალბატონი.

– ნიუ იორკში მოღვაწე ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოები აქამდე დაგიკრავთ?

– კომპოზიტორ გიორგი ოუკლის ნაწარმოები არადროს შემისრულებია და პირველად შევასრულებ ამერიკაში. მის შემოქმედებას ვიცნობ და ძალიან მხიბლავს მისი შემოქმედებითი ხედვა მუსიკისადმი.

– როგორია საკონცერტო პროგრამა?

– საკონცერტო პროგრამა შედგენილია 3 განსხვავებული პერიოდიდან, რაც იქ მყოფ მსმენელს დარწმუნებული ვარ, დიდ სიამოვნებას მიანიჭებს, რადგან შესრულდება ბეთჰოვენის, შუმანის და გიორგი ოუკლის არაჩვეულებრივი ნაწარმოებები.

– როგორია მოლოდინი და წინასაკონცერტო განწყობა?

– წინა საკონცერტო განწყობაზე არასდროს არ ვსაუბრობ. რაც შეეხება მოლოდინს, დარწმუნებული ვარ, მსმენელი საკონცერტო პროგრამითა და შესრულებით აღფრთოვანდება.

– თბილისში თუ გაქვთ კონცერტები დაგეგმილი?

– რაც შეეხება თბილისში დაგეგმილ კონცერტებს, უახლოეს მომავალში ვაპირებ ქართველი მსმენელის წინაშე წავრსდგე ახალი და საიტერესო საკონცერტო პროგრამით.

გიორგი ოუკლი, ქართველი კომპოზიტორი:

GeorgeO123– მე ვარ ქართველი კომპოზიტორი ირლანდიური გვარით. მუსიკალური კარიერა დავიწყე როგორც პიანისტმა და პირველი საერთაშორისო წარმატება მხვდა წილად 2001 წელს, სადაც New York-ში Jacob Flier საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის გამარჯვებული გავხდი. დიდი პატივი მხვდა წილად საქართველოში მესწავლა საფორტეპიანო ხელოვნების დაუფლება ისეთ გამორჩეულ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან ნათელა კვირკველია, მამუკა სიხარულიძე, ედიშერ რუსიშვილი და ივეტა ბახტაძე. საქართველოს სახელმწიფო კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ კი ჩემი მუსიკალური მოღვაწეობა გაგრძელდა ამერიკაში, რამაც მუსიკალური სამყაროს გაღრმავებისა და იდეების განხორციელების საშუალება მომცა.

– რამდენი ხანია ამერიკაში მოღვაწეობთ?

– 12 წელია რაც ამერიკაში ვმოღვაწეობ. 2005 წელს დავამთავრე DePaul უნივერსიტეტი ლეგენდარულ ქართველ პიანისტ ეთერ ანჯაფარიძის კლასში, სადაც ჩემი საშემსრულებლო მოღვაწეობის ახალი ეტაპი დაიწყო. ამ პერიოდში აქტიურად ვიყავით ჩართული კონცერტების და ფესტივალების სერიებში, რომლებიც ეთერი ანჯაფარიძის უნიკალური შემოქმედებითი ხედვით იდგმებოდა და გამოირჩეოდა ორიგინალურობით და მრავალფეროვნებით.

რაც შეეხება ჩემს საკომპოზიტორო შემოქმედებას, ეს დაიწყო სრულიად შემთხვევით. ქართველი რეჟისორი ბესარიონ გიორგობიანი New York-ში იყო ჩამოსული რამდენიმე კინო პროექტით. რადგანაც მე პარალელურად საკომპოზიციო ხელოვნებას გავდიოდი გოგა შავერზაშვილთან და ბიძინა კვერნაძესთან, გადავწყვიტე, რომ დამეწერა მუსიკა ერთ-ერთი პროექტისთვის, რომელიც იყო მულტიპლიკაციური ფილმი “არგონავტები”. რამდენიმე მუსიკალური ჩანახატი წარვუდგინე ბესარიონს, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. იმ დღიდან მოყოლებული, აქტიურად ვარ ჩართული საკომპოზიციო მოღვაწეობაში. დავამთავრე New York უნივერსიტეტი კლასიკური და კინო კომპოზიციის განხრით, გამოჩენილი კომპოზიტორების Ira Newborn და da Justin dello Joio-ს კლასში, სადაც პირველივე სემესტრში მოვხვდი გამორჩეულ კომპოზიტორთა სტუდენტების სიაში. მივიღე მონაწილეობა როგორც კომპოზიტორმა დოკუმენტურ ფილმებში “მიშა მოსკოვის წინააღმდეგ” და გახმაურებული ფილმის Balerinas Tale” (რომელიც გადაღებულია გამოჩენილი ბალერინას Misty Copland-ის შესახებ).

ჩემი პირველი დებიუტი, როგორც კომპოზიტორის, შედგა 2008 წელს Steinway hall-ში, სადაც შესრულდა სიმებიანი კვარტეტი “დიქტატორი”, რომელიც საქართველოში მომხდარ აგვისტოს ომს მიეძღვნა. პირველი საავტორო კონცერტი მოეწყო Carnegie hall-ში 2011 წელს, სადაც შესრულდა ჩემი კონცერტი ფორტეპიანოს, გუნდის და სიმფონიური ორკესტრისთვის, რომელიც მივუძღვენი ბრწყინვალე პიანისტ ინგა ქაშაკაშვილს. გარდა ამისა, შედგა პრემიერა სიმღერების ციკლის შექსპირის სონეტების მიხედვით, რომელიც იყო შეკვეთილი სოპრანო Nika Leon-ის მიერ.

აგრეთვე მინდა აღვნიშნო არაჩვეულებრივი შესრულება საფორტეპიანო სონატის პიანისტ თამარ მიქელაძის მიერ. ამ კონცერტს ძალიან დიდი წარმატება ხვდა წილად. ანონიმურად მივიღე ფულადი საჩუქარი, რომელიც შემდგომ აღმოჩნდა ჩემი დღევანდელი პროდიუსერი და მფარველი James Carlson-ი. მისი შეკვეთით დავწერე სონატა ვილონჩელოსთვის და ფორტეპიანოსთვის, რომლის პრემიერაც შედგა New York-ის პრესტიჟულ Merkin Hall-ის დარბაზში. რის შემდეგაც მივიღე საჩუქრად ახალი და ძვირფასი როიალი.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო James Carlson-ს უდიდესი მხარდაჭერისთვის და დახმარებისთვის. ხელოვან ადამიანებს ჰაერივით სჭირდებათ ასეთი ადამიანები, რომლებსაც უყვართ და აფასებენ ხელოვნებას და კერძოდ, მუსიკას. მე ვიცნობ ბევრ ნიჭიერ შემოქმედ მუსიკოსს, რომლებსაც სჭირდებათ დახმარება და ხელშწყობა. 2015 წელს ჩემი საკომპოზიტორო შემოქმედებით დაინტერესდა New York-ში ირლანდიელების საზოგადოების პრეზიდენტი Chris Cahill, რომელმაც წარუდგინა ჩემი მუსიკა ამერიკაში მყოფ ირლანდიელ მსმენელს. ასევე მინდა აღვნიშნო ჩემი ყოფილი მასწავლებლის, მენტორის და მეგობრის დიდი კომპოზიტორის Richard Danielpour-ის გავლენა ჩემს შემოქმედებაზე.

– იცნობს ქართული საზოგადოება თქვენს ნაწარმოებებს?

– ამერიკაში მყოფი ქართული საზოგადოება იცნობს ჩემს მუსიკას და ყოველთვის ესწრება აქ გამართულ კონცერტებს. ჩემი დებიუტი როგორც კომპოზიტორის, საქართველოში ჯერჯერობით არ მომხდარა. თუმცა ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს და იგეგმება პროექტები, რომლებიც აუცილებლად ახლო მომავლში განხორციელდება.

– რა ნაწარმოები შეარჩიეთ კარნეგი ჰოლის კონცერტისთვის?

– კერძოდ ამ კონცერტისთვის გადავწყვიტე დამეწერა საგუნდო ნაწარმოები არფის თანხლებით, რომელიც 2016 წლის 31 ივლისს დავამთავრე. ეს ნაწარმოები არის დაწერილი ლათინურ ტექსტზე “Stabat mater”. აგრეთვე შესრულდება სონატა ჩელოსთვის და ფორტეპიანოსთვის, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ამერიკაში.

– საქართველოში ჩამოსვლა თქვენს გეგმებში არ შედის?

– საქართველოში კონცერტით ჩამოსვლას აუცილებლად ვაპირებ.

– თუ მიეცემა ქართველ მსმენელს სამომავლოდ თქვენი ნაწარმოებების მოსმენის შესაძლებლობა?

– უაღრესად ბედნიერი ვარ, რომ დავიბადე ისეთ ქვეყანაში, რომელიც გამოირჩევა მდიდარი კულტურის მქონე ტრადიციებით. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი შემოქმედება მეტწილად აგებულია ამ ტრადიციებზე, კერძოდ, კი ქართულ ცეკვებზე და ხალხურ სიმღერებზე. სულმოუთმენლად ველი ქართველ მსმენელთან შეხვედრას ჩემს სამშობლოში.