19 აგვისტო, 2016

გიორგი მიქაძისა და ლეგენდარული ლი რიტენურის კონცერტების სერია „Blue Note“-ში

giorgi-mikadze1234არაერთი მუსიკალური პრემიის მფლობელი, Yamaha-ს ჯაზ-არტისტი, ჯაზისა და პოპ-მუსიკის ამომავალი ვარსკვლავი გიორგი მიქაძე აქტიურად თანამშრომლობს ჯაზისა და თანამედროვე მუსიკის ცოცხალ ლეგენდებთან.

ამჯერად გიორგის 16-დან 21 აგვისტომდე კონცერტების სერია აქვს გრემის მფლობელ და 19-ჯერ ნომინირებულ გიტარისტ ლი რიტენურთან (Lee Ritenour) ერთად, მსოფლიოს ერთ-ერთ სახელგანთქმულ და პრესტიჟულ ჯაზ-კლუბ „ბლუ ნოუთში“ (Blue Note, NY).

„ბლუ ნოუთის“ ისტორიულ სცენაზე ლი რიტენურისა და გიორგი მიქაძესთან ერთად ვიხილავთ 10 გრემის მფლობელ, გენიალურ ამერიკელ პიანისტს, არანჟირების ავტორს და კომპოზიტორს დეივ გრუზინს, ვირტუოზ ბასისტ ტომ კენედის, დასარტყამ ინსტრუმენტებთან კი თავად ლის ვაჟი – ვესლი რიტენური იქნება.

giorgi-mikadz1

ლი რიტენური და დეივ გრუზინი ის არტისტები არიან, რომლის ჩანაწერებსაც გიორგი ბავშობიდან უსმენდა და მისი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაზე დიდი ზეგავლენა იქონია. დღეს კი გიორგი ნიუ-იორკის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობად წოდებულ ჯაზ-კლუბში უდიდესი რანგის პროფესიონალი, ლეგენდარული მუსიკოსების გვერდით ერთ სცენაზეა. ყოველივე ეს, მისი თქმით, არის განსაკუთრებული ბედნიერება, მნიშვნელოვანი გამოწვევა და, ამავე დროს, უდიდესი პასუხისმგებლობა.

ჯაზური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გიტარისტის, ლი რიტენურის უშუალო მონაწილეობით წლების მანძილზე იქმნებოდა ჯაზის, თანამედროვე, ავანგარდული თუ პოპ-მუსიკის მიმდინარეობები, მათი ურთიერთთანამშრომლობა დაიწყო მას შემდეგ, რაც გიორგიმ 2014 წელს გაიმარჯვა ლი რიტენურის მიერ დაარსებულ კონკურსში „Six String Theory Music Competition“. სწორედ მაშინ მსოფლიოს სხვადასხვა პიანისტს შორის დიდმა მაესტრომ არჩევანი გიორგიზე გააკეთა.

giorgi-mikad1

ფენომენალური გიტარისტის თქმით, პირველი ფრაზების მოსმენისთანავე საოცრად მოიხიბლა ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსის ტალანტით, ქარიზმატული არტისტიზმით, საინტერესო მუზიცირების უნარითა და პროფესიონალიზმით; შესრულება გამორჩეულია და ხასიათდება მრავალმხრივი ნიჭიერებით, ტემპერამენტით, ინდივიდუალური მხატვრული ხელწერით, უჩვეულო, ახალი, სრულიად განსხვავებული ჟღერადობით.

giorgi-mika1

ასე, რომ ნიუ-იორკში მცხოვრებო ქართველო მელომანებო, გირჩევთ არ გამოტოვოთ შანსი “ბლუ ნოუთში“ ეზიაროთ მუსიკის დაუვიწყარ დღესასწაულს, სადაც თამამად შეგიძლიათ იამაყოთ ქართული კულტურის ელჩით და ბრწყინვალე ხელოვანით გიორგი მიქაძით.

დამატებითი ინფორმაციისათვის და ბილეთების შესაძენად ესტუმრეთ ბლუ ნოუთის ვებგვერდს:

http:/www.bluenote.net/newyork/schedule/moreinfo.cgi?id=14303