Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ახალი ცნობები საქართველოზე ირლანდიის ეროვნული ბიბლიოთეკიდან

3 აგვისტო, 2016

irlandia1ირლანდიის ეროვნული ბიბლიოთეკისა და საქართველოს ხელოვნების სასახლის ურთიერთანამშრომლობა გრძელდება.

3 აგვისტოს ბიბლიოთეკის ელექტრონული ბაზიდან ქართულ მხარეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ცნობილი გაზეთის “The Times” არქივის ის ნაწილი გადაეცა, რომელიც საქართველოს ეძღვნება.

საყურადღებოა ერთი გარემოება – “The Times” 1785 წელს გამოვიდა და პირველივე წელს გაზეთმა 5 სტატია ერეკლე მეფესა და მის მოღვაწეობას მიუძღვნა. ბიბლიოთეკიდან მიღებული სხვა საგაზეთო პუბლიკაციებიდან კი ირკვევა, რომ ქართლ-კახეთის მეფეს აქტიური და მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა პრუსიის სამხედრო ძალებთან.

გადმოცემულ მასალებს შორის განსაკუთრებით საინტერესოა 1679 წელს ლონდონში უილიამ ბედლოუს მიერ გამოქვეყნებული პიესა ქართველი მეფის თეიმურაზის შესახებ. ნაწარმოები ტრაგედიაა და ქართლ-კახეთის მეფის თეიმურაზ პირველის ცხოვრებას ეძღვნება.

ირლადიაში საქართველოს ელჩის გიორგი ზურაბიშვილის და საელჩოს თანამშრომლის ნათია კალანდიას მხარდაჭერით ირლანდიის ნაციონალური ბიბლიოთეკისა და ხელოვნების სასახლის ურთიერთანამშრომლობა მესამე წელია გრძელდება.

მუზეუმს უკვე რამდენიმე ასეული უნიკალური და ქართველებისათვის უცნობი ისტორიული წყარო გადაეცა. წელს ფონდმა “ქართუ”-მ ამ ისტორიული დოკუმენტების თარგმნისა და კვლევის პროექტი დააფინანსა, პროექტის შედეგად უახლოეს მომავალში XVII-XVIII საუკუეების უცნობი ევროპული წყაროები სამეცნიერო მიმოქცევაში შემოვა.