21 აგვისტო, 2016

ქართველი კონკურსანტი Miss UNION-ის გამარჯვებულია

maia-amashukeli1Miss UNION 2016-ის გამარჯვებული და გრანპრის მფლობელი ქართველი კონკურსანტი გახდა.

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში საერთაშორისო სილამაზის კონკურსი Miss UNION-2016 გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლამაზმანები მონაწილეობდნენ.
კონკურსის მისიაა ქველმოქმედება იმ ადამიანებისათვის, ვინც ონკოლოგიური დაავადებებით იტანჯება.

საერთაშორისო სილამაზის კონკურსის გამარჯვებული და გრან-პრის ტიტულის მფლობელი 23 წლის ქართველი კონკურსანტი მაია ამაშუკელი გახდა. ის კონკურსზე პროდუსერულმა კომპანია “უნივერსალ პროდაქშენმა” წარადგინა.

კონკურსის მონაწილეებმა სცენაზე წარმოაჩინეს თავიანთი ეროვნული კოსტუმები, აზერბაიჯანელი დიზაინერების ფახრია ხალაფოვას საღამოს კაბები და დიზაინერ გულნარა ხალილოვას აღმოსავლურ მოტივებზე შექმნილი კოსტუმების კოლექცია.

საკონკურსო პროგრამის მიხედვით, კონკურსანტებმა აჩვენეს საკუთარი ინდივიდუალური ტალანტები და კონკურსის ინტელექტუალური რაუნდის დროს პასუხი გასცეს ჟიურის მიერ დასმულ კითხვებს.

ტალანტების კონკურსში მაია ამაშუკელმა მის მიერ შესრულებული მთიულურით აღაფრთოვანა მაყურებელი და წარმატებით გაართვა თავი ინტელექტუალურ კითხვასაც.

Miss UNION 2016-ის ფინალური საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: პირველი ადგილი და გრანპრი მაია ამაშუკელი – საქართველო, მეორე ადგილი ლიამან ახმედოვა – აზერბაიჯანი და მესამე ადგილი ემილია დობრევა – რუსეთი.

კონკურსის პირობების თანახმად, Miss UNION 2017 გამარჯვებული ლამაზმანის ქვეყანაში – საქართველოში ჩატარდება.