5 აგვისტო, 2016

რეზო ამაშუკელი: “ამასაც საზღვარი აქვს!”

1rezo-amashukeli-1პოეტი რეზო ამაშუკელი კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აქტიურად ადევნებს თვალ-ყურს. 80 წლის პოეტის სამიზნე ამჯერად კულტურის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე გახდა.

რეზო ამაშუკელი:

“პირდაპირ ვაცხადებ – ისევ ბიძინა ივანიშვილის ხათრით ვარ გაჩუმებული, მაგრამ ამასაც საზღვარი აქვს!

ძალიან მაინტერესებს, კულტურის მინისტრს ვინ ეფარება ამბრაზურასავით? სააკაშვილის დროს ფულს არ ათეთრებდა თუ ნაციონალების მონა არ იყო? ეგ გიორგაძე და მისი მოადგილე კანდელაკი, რომლებიც კონტრაბასებს დაათრევდნენ წინ და უკან, ახლა ზოგიერთ გაზეთში სტატიებს უკვეთავენ, რომ სკამები შეინარჩუნონ, მაგრამ არაფერი გამოუვათ და მალე მოეგრიხებათ კისრები!

საერთოდ, ვერ გავიგე, ვისი ნაციონალი ვის სიაშია და რომელ “მეოცნებეს” ვის იღლიაში აქვს თავი შეყოფილი? დაწყევლილი და დაცვედანებული იქნება ის ერი, რომელიც ჩუგოშვილს და მის ნაირებს პარლამენტში დასვავს!

რამდენ ხანს უნდა ვუყუროთ რას იტყვის ამერიკის ელჩი?! შეიძლება ამდენ ხანს ასე წაკუზული დგომა?! ხელისუფლებას მივმართავ და ისევ იგივეს გავიმეორებ, – თუ გინდა, ქვეყანას უბედურება ააცილოთ, დააპატიმრეთ გიგა ბოკერია და გივი თარგამაძე! მერამდენედ გიმეორებთ – დააპატიმრეთ გიგა ბოკერია და გივი თარგამაძე!

ხომ ხედვათ, მსოფლიოში რა ამბები ხდება და ჩვენ გარშემო როგორ არის ყველაფერი ამღვრეული?! ეს ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს და გაანეიტრალოს ის ძალები, რომლებსაც საქართველოში არეულობა უნდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამოქალაქო ომი გარდაუვალია და ამაზე პასუხისმგებლობა, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებას დაეკისრება!”