Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართველი მხატვრები ნიუ იორკში შემოდგომის საგამოფენო სეზონს გახსნიან

22 აგვისტო, 2016

qartveli-mxatvrebi-1ქართული ხელოვნების ისტორიაში პირველად, ქართველი მხატვრები ნიუ იორკში შემოდგომის საგამოფენო სეზონს გახსნიან.

მხატვრების ჯგუფი გამოფენისთვის ამერიკულმა კომპანიამ “Madatart” შეარჩია. გამოფენა ნიუ იორკის და თანამედროვე ხელოვნების ყველაზე პრესტიჟულ საგამოფენო სივრცეში ჩელსიში გაიხსნება.

გამოფენას ემანუელ ფრემინ გალერი უმასპინძლებს და გახსნის ოფიციალური საღამო 8 სექტემბერს არის დაგეგმილი. ცხელი აგვისტოს განმავლობაში ნიუ იორკის გალერეების უმრავლესობა იკეტება და ისინი თავის საუკეთესო გამოფენებს სწორედ 8 სექტემბერს ხსნიან.

პირველად ნიუ იორკის საგამოფენო სივრცეში შემოდგომის სეზონს ქართველი მხატვრები გახსნიან – ბესარიონ არბოლიშვილი, ნინო პაიჭაძე, ავთანდილ გახოკიძე, ზაზა ხაბულიანი, ეკატერინე მერაბიშვილი, პაპუნა დაბრუნდაშვილი, ნანა გაგოშიძე, ცირა ახობაძე, ალექსანდრე აჭარაძე, ბესრაიონ როსტიაშვილი, დავით დოთიაშვილი, თიკა გზირიშვილი და დავით არბოლიშვილი – სწორედ მათ ხვდათ წილად სეზონის გახსნის პატივი.

როგორც გამოფენის ორგანიზატორმა მარიტა დამენიამ განაცხადა, ეს ბოლო 4 თვის განმავლობაში ქართველი მხატვრების მეოთხე გამოფენაა ნიუ იორკში. ექსპოზიციებს ყოველთვის დიდი რაოდენობით დამთვალიერებელი ჰყავს და დიდ ინტერესს იწვევს.

qa1qa2

მარიტა დამენია კომპანია მედეთარტის დამფუძნებელი, ჟურნალისტი, არტკურატორი და პროექტების მენეჯერია. ჟურნალისტობის პარალელურად ყოველთვის აქტიურად იყო დაკავებული კულტურის სფეროში. არის რამდენიმე პროექტის, წიგნის და კატალოგის ავტორი, მათ შორის, “გიგო გაბაშვილის ფოტოგრაფია“ და „საბჭოთა შიზოფრენია”. საქართველოში ყოფნის პერიოდში, მისი ხელმძღვანელობით რამდენიმე გამოფენა გაიმართა რუსთაველის თეატრში, ეროვნულ მუზეუმში, თიბისი გალერიში.

2013 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს ამერიკაში არტფესტივალებზე და ამერიკელ არტისტებთან სხვადასხვა პოზიციებზე. 2015 წლის ბოლოს დააფუძნა არტპრომოუშენ კომპანია “მედეთარტი” Madatart, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის რეგიონის და უშუალოდ ქართული ხელოვნების პოპულარიზაციითაა დაკავებული.

კომპანიასთან დაკავშირებული მეტი ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ მის ოფიციალურ ვებ გვერდს და ფეისბუქ-გვერდს: http://www.madatart.com,  https://www.facebook.com/Madatart-864438133679029

ქართველი მხატვრების გამოფენების სერია ამერიკაში მარიტა დამენიამ მაისში დაიწყო და სექტემერში უკვე მეოთხე გამოფენას გახსნის, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

მარიტა დამენია:

– პირველ რიგში, მინდა მოკლედ გიამბოთ მედეთარტზე და მის ფუნქციაზე. მედეთარტი არის არტ პრომოუშენ კომპანია. საქართველოში სამწუხაროდ არ ისწავლება არტის მარკეტინგი, რისი ცოდნაც მხატვრისათვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ხატვის. თანამედროვე ბაზარზე შემოქმედი მისი ბიოგრაფიით ფასდება – საინტერესო საერთაშორისო გამოფენები, არტფესტივალები და მოგვიანებით აუქციონები და ბიოგრაფიები. ხელოვნების ნიმუშებს ისევე როგორც ნებისმიერ პროდუქტს, თანამედროვე ბაზარზე კარგი შეფუთვა სჭირდება. არტის კოლექტორები ნებისმიერ შენაძენს ინვესტიციად განიხილავენ. თუ რამეს ყიდულობ საჭიროების შემთხვევაში, ამის გაყიდვაც უნდა შეგეძლოს, თანაც მომგებიანად. ანუ, მოკლედ რომ ვთქვა, ჩვენ არტისტებს ამერიკული ბიოგრაფიის შექმნაში ვეხმარებით. გარდა ამისა, მე როგორც ქართველი, მოწადინებული ვარ, რომ ბევრი რამ საქართველოს სახელით ვაკეთო და ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას ხელი შევუწყო. სწორედ ამიტომ, ძირითად აქცენტს ქართველ მხატვრებზე, მოქანდაკეებზე და ფოტოგრაფებზე ვაკეთებ და ხელს ვუწყობ მათ თანამედროვე სტანდარტებს ფეხი აუწყონ.

ნიუ იორკის გალერეებში მოხვედრა საკმაოდ რთულია, ამას ნებისმიერი არტისტი დაგიდასტურებთ. იმისათვის რომ მათი ელემენტარული ყურადღება მაინც დაიმსახურო, სულ მცირე შენს მაგივრად, შენი წარმომადგენელი/აგენტი უნდა საუბრობდეს. როცა არტისტი ამის გაკეთებას დამოუკიდებლად ცდილობს და ნამუშევრებით ხელში გალერიიდან გალერეაში დადის, გალერისტისთვის ეს უკვე ნიშნავს, რომ ის არც თუ ისე წარმატებულია და ურთიერთობას იქვე ასრულებს.

არტპრომოუშენ კომპანიები მხატვარს საინტერესო ბიოგრაფიის შექმნაში ეხმარება. უცხოელი ხელოვანები ამ სერვისს აქტიურად იყენებენ და მიხარია, რომ ეს ტრადიცია საქართველოშიც მკვიდრდება.

– უშუალოდ ქართველი მხატვრების მიერ ნიუ იორკში შემოდგომის საგამოფენო სეზონის გახსნაზე რას იტყვით?

– გამოფენა სექტემბრის დასაწყისში ჩელსიში, ნიუ იორკის ყველაზე პრესტიჟული საგამოფენო დისტრიქტში, ემანუელ ფრემინ გალერიში გაიმართება Emmaneul Fremin GALLERY. ამ გალერეასთან 2015 წლიდან აქტიურად ვთანამშრომლობ. გამოფენის ოფიციალური გახსნა იგეგმება 8 სექტემბერს საღამოს ექვს საათზე. აგვისტოს თვეში მაღალი სიცხეების გამო, გალერეების უმრავლესობა იხურება. შემოდგომის სეზონს ისინი სწორედ 8 სექტემბერს ხსნიან და ყველა ცდილობს, სეზონის გახსნისათვის საუკეთესო გამოფენა დაამთხვიოს. ეს წლის საუკეთესო დროა და ცხადია, ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებდი.

გამოფენაში 13 ავტორი მონაწილეობს: ბესარიონ არბოლიშვილი, ნანა გაგოშიძე, ცირა ახობაძე, ნინო პაიჭაძე, ავთანდილ გახოკიძე, ზაზა ხაბულიანი, ეკატერინე მერაბიშვილი, პაპუნა დაბრუნდაშვილი, ალექსანდრე აჭარაძე, ბესრაიონ როსტიაშვილი, დავით დოთიაშვილი, თიკა გზირიშვილი და დავით არბოლიშვილი.

– მონაწილეები უშუალოდ თქვენ შეარჩიეთ?

– დიახ, მონაწილეებს გამოფენისთვის თავად ვარჩევ ამერიკული ბაზრის სპეციფიკის გათავლისწინებით.

– რა პრიორიტეტებით მოხვდა თითოეული მათგანი რჩეულთა შორის?

– არტისტის შერჩევისას ძირითადი კრიტერიუმი მისი ნიჭიერება და შრომისმოყვარეობაა. ძალიან კარგი ჯგუფია და მიხარია, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგა. თითოეული მათგანი ინდივიდუალური და გამორჩეული არტისტია. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ თანამშრომლობისთვის და განსაკუთრებით მინდა გამოვყო ბატონი ბესარიონ არბოლიშვილის მონაწილეობა, რომელიც ძალიან წარმატებული არტისტია და გამორჩეული ბიოგრაფიის მქონეა. ასევე დიდი პატივია ემიგრანტი ქართველი მხატვრის ზაზა ხაბულიანის ჩართვა. ის დიდი ხანია ამერიკაში ცხოვრობს და აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას ეწევა. საერთოდ, მიხარია, რომ ამ კონკრეტულ გამოფენაში ბევრი ემიგრანტი მხატვარია – ცირა ახობაძე არაჩვეულებრივი გრაფიკული ნამუშევრებით, ნანა გაგოშიძე თვითნასწავლი მხატვარი, რომელიც საკუთარი სრულიად უნიკალური ტექნიკით საინტერესო ნამუშევრებს ქმნის, ეკატერინე მერაბიშვილი თავისი გამორჩეული სტილით და მოქანდაკე პაპუნა დაბრუნდაშვილი, რომელიც ჩვენს წინა გამოფენაშიც მონაწილეობდა.

ემიგრანტებისთვის განსაკუთრებით სენსიტიურია, როცა ასეთ მნიშვნელოვან პროექტში საქართველოს სახელით გამოდიხარ, როცა იქ, სადაც ყოველი დღე თავის დასამკვიდრებელი ბრძოლაა, საშუალება გეძლევა შენი ნიჭი ფართო საზოგადოებას გააცნო.

– ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი არტისტები ხსნიან ნიუ იორკში საგამოფენო სეზონს?

– ქართველი მხატვრების მიერ საგამოფენო სეზონის გახსნა ნიუ იორკში ნამდვილად პირველად ხდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა როგორც უკვე გითხარით, წელს ეს უკვე მეოთხე გამოფენაა. წინა სამმა გამოფენამ ძალიან წარმატებულად ჩაიარა. მნახველებში დიდი ინტერესი გამოიწვია.

qa3

ჩვენმა ერთ-ერთმა არტისტმა პირველი გამოფენიდან, ვანო ზაქაიძემ, რომელიც ტყავის საკმაულებს და სხვადასხვა აქსესუარებს ამზადებს, შემოთავაზება მიიღო ცნობილი დიზაინერული კომპანიისგან და ის ნიუ იორკის ფეშენ ვიკში მიიღებს მონაწილეობას. იმედი მაქვს, მეოთხე კიდევ უფრო წარმატებული იქნება.

– ექსპოზიცია ერთჯერადია, თუ მომავალშიც განმეორდება?

– კომპანია მედეთარტი სისტემატურად მართავს გამოფენებს ქართველი მხატვრების მონაწილეობით. როგორც ჯგუფურს, ასევე სოლოს. მომდევნო გამოფენები ნიუ იორკში ნოემბერში და აპრილშია დაგეგმილი. ხოლო ზამთრის გამოფენები ლოს ანჯელესსა და მაიამიში იგეგმება, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ცოტა ხანში დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი. გარდა ამისა, ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ ძალიან პრესტიჟულ აპრილის აფორდეიბალ არტფესტივალში, რომლის ჯგუფის შევსების დედლაინიც სექტემბერშია.

ჩვენს გამოფენებზე ძალიან ბევრი ხალხი დადის. ყველა გახსნა ძალიან წარმატებული იყო. ზოგადად, ნიუ იორკი ძალიან სწრაფი ქალაქია, ყოველდღიურად ათასობით ღონისძიება იმართება და აქაურებს ვერაფრით გააკვირვებ, მაგრამ ჩვენ ვახერხებთ, რომ ქართული არტი მათთვის საინტერესო გავხადოთ.

ყველა ნამუშევარი, რომელსაც გამოვფენთ, სპეციალურად ამ გამოფენისათვის შეიქმნა. განსაკუთრებული სიურპიზი კი ნინო პაიჭაძის მიერ 3D-ში შესრულებული ფიროსმანია.

ნინო პაიჭაძე:

– ჩემი ნამუშევრები არატრადიციული ტექნიკით სრულდება, ვხატავ ზეთში 3D ფორმატში. მე მედეთარტის ერთ გამოფენაში უკვე მივიღე მონაწილეობა და ამ გამოფენაში ჩართვის შემოთავაზებამ ძალიან გამახარა. აქ გამაქვს ფიროსმანი, რომელიც ასევე 3D ფორმატშია. ჩემთვის ნიუ იორკი მნიშვნელოვანი ადგილია, მით უმეტეს, უკვე ჩავირიცხე ნიუ იორკის სამხატვრო აკადემიაში და ახლა დაფინანსების მოპოვებას ვცდილობ, რომ იქ გავემგზავრო. ჩემი მიზანია, ქართულ ფერწერაში ახალი სტილის ჩამოყალიბება, პრიმიტივიზმისგან რთული ფერწერული ნამუშევრის შექმნა და ჩვენი ქვეყნის წარმოჩენა თანამედროვე ხელოვნების ბაზრაზე. ვფიქრობ, ასეთ შანსზე არც ერთმა მხატვარმა არ უნდა თქვას უარი.

ავთანდილ გახოკიძე:

– ეს რიგით მეორე გამოფენაა ნიუ იორკში, რომელშიც მე სხვა ქართველ არტისტებთან ერთად ვმონაწილეობ. ეს ფაქტი სასიხარულოა, რადგან უკვე სისტემატური ხასიათი მიეცა და ვიმედოვნებ, იგივე ტემპით გაგრძელდება.

ალექსანდრე აჭარაძე:

– ჩემთვის ეს გამოფენა ძალიან მნიშვნელოვანია და საპასუხისმგებლოა, რადგან საკუთარ თავთან ერთად ჩემს სამშობლოსაც წარვადგენ. ამ ეტაპზე აბსტრაქტული ნამუშევრები გამაქვს, სადაც ძირითადი აქცენტი ფერზე და ფერთა ურთიერთშეთანხმებაზეა. ეს გამოფენა მომავლშიც დიდ სტიმულს მომცემს.

ბესო როსტიაშვილი:

– მივესალმები მადათარტის ინიციატივას, რომ ქართველი არტისტები ნიუ იორკის საგამოფენო სივრცეში წარადგინოს. ამჯერად, ჩვენს პრესტიჟული ემანუელ ფრემინგალერი გვმასპინძლობს. ევროპასა და ამერიკაში სხვადასხვა პროექტებში წარსულშიც ვიღებდი მონაწილეობას, ეს არტისთვის აუცილებელია. თითოეულ მონაწილეს წარმატებას ვუსურვებ. სამომავლოდ კი, ვფიქრობ, მედეთარტთან ერთად პერსონალური შოუ გავაკეთო.

დავით არბოლიშვილი:

– მე დაზგურ ფერწერასა და ლითოგრაფიაზე ვმუშაობ. ამ მიმართულებას სამხატვრო აკადემიაშიც ვასწავლი. ისე მოხდა, რომ ცოტა ხნით ნიუ იორკში ვიმყოფები და როცა გამოფენის შესახებ შევიტყვე, გადავწყვიტე, ეს პერიოდი ნაყოფიერად გამომეყენებინა და გამოფენაში ჩავრთულიყავი. მედეთარტმა გამოფენისთვის რამოდენიმე ნამუშევარი აარჩია, რომელსაც 8 სექტემბერს ჩელსიში ამერიკელი და ქართველი სტუმრები იხილავენ.

”არტინფო” გთავაზობთ ქართველი მხატვრების ნამუშევრების ნაწილს, რომლებიც ნიუ იორკში იქნება წარმოდგენილი:

ბესარიონ არბოლიშვილიqa4

ნანა გაგოშიძე

qa5

ცირა ახობაძე

qa6

ეკატერინე მერაბიშვილი

qa7

ნინო პაიჭაძე

qa8

თიკა გზირიშვილი

qa9