12 აგვისტო, 2016

ბათუმის მუსიკალური ფესტივალი იწყება

batumis-musikaluri-festivali1გამოჩენილი ქართველი პიანისტისა და იუნესკოს მშვიდობის ელჩის, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი „ლირა“ წელს უკვე მეოთხედ გამართავს საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს BATUMI MusicFest.

17-22 სექტემბერს, ბათუმის ხელოვნების ცენტრი ტრადიციულად, გრანდიოზულ ფესტივალს და მის სტუმრებს უმასპინძლებს.

ფესტივალს დაარსების დღიდან მხარს უჭერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ასევე აჭარის კულტურის სამინისტრო.

მონაწილეობის მისაღებად ბათუმში საგანგებოდ ჩამოსული კლასიკური მუსიკის ვარსკვლავები, ბათუმის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, მსოფლიო და ქართული კლასიკური მუსიკის შედევრებს შეასრულებენ.

იუნესკოს მშვიდობის არტისტი, ელისო ბოლქვაძე, ჩაატარებს იუნესკოს 70-წლის იუბილესადმი მიძღვნილ სემინარს ფესტივალის ფარგლებში, რომელსაც დაესწრებიან სპეციალურად ჩამოსული იუნესკოს მშვიდობის ელჩები სხვადასხვა ქვეყნებიდან.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს პირველად საქართველოს მუსიკალური ფესტივალების ისტორიაში – BATUMI MusicFest ევროპული ფესტივალების ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა.
ფესტივალის გაერთიანება ევროპის ფესტივალების ასოციაციაში არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ადგილის დამკვიდრებისთვის საერთაშორსო სივრცეში, რაც თანამედროვე ქართული კულტურული ცხოვრების ასახვისთვის საუკეთესო საშუალებაა.

უცხოური პრესა ფართოდ აშუქებს ახალშობილი ფესტივალის მსვლელობას, რამაც უკვე აამაღლა საერთაშორისო ცნობადობა და მოიპოვა მელომანების ინტერესი. 6 სექტემბერს ფრანგული თანამედროვე რადიო სადგური, Radio Classique, რომელსაც მილიონობით მსენელი ჰყავს, მთელ დღეს მიუძღვნის ბათუმის ფესტივალის გაშუქებას და, ზოგადად, საქართველოს კულტურას.

ბათუმის მუსიკალური ფესტივალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავიზიტო ბარათია საქართველოს იმიჯისთვის.

BATUMI MusicFest-ის ფარგლებში ყოველ წელს იმართება მასტერკლასები ქართველი ნორჩი პიანისტებისა და მევიოლინეებისათვის, სადაც წარმატებული კანდიდატები შეირჩევიან საზღვარგარეთ გალა-კონცერტებში მონაწილეობისათვის.

ფესტივალი მნიშვნელოვანი ტრამპლინია როგორც ქართველი მუსიკოსებისთვის, ის ასევე ქვეყნის კულტურული იდენტურობის მაჩვენებელია მსოფლიო ასპარეზზე.

წლევანდელი საფესტივალო პროგრამა მრავალფეროვანია და შედგება ძირითადად პოპულარული კლასიკური შედევრებისგან.

ფესტივალს ეწვევა ცნობილი დირიჟორი ფილიპ მანი (Philip Mann) შეერთებული შტატებიდან, რომელიც მოცარტის და ჩაიკოვსკის ნაწარმოებებს იდირიჟორებს.

ფესტივალის გახსნაზე 17 სექტემბერს სახელგანთქმული ქართველი პიანისტი, იუნესკოს არტისტი და ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ელისო ბოლქვაძე, მსმენელის წინაშე წარსდგება მოცარტის ჯადოსნური საფორტეპიანო კონცერტით. სლოვენიელი კლარნეტისტი, დარკო ბრლეკი კი ააჟღერებს მოცარტის კონცერტს.

18 სექტემბერი მთლიანად დაეთმობა ბრწყინვალე ქართულ ფოლკლორულ მუსიკას ლეგენდარული “ქართული ხმების” მონაწილეობით.

19 სექტემბერს ფილიპ მანის დირიჟორობით შესრულდება ბეთჰოვენის შედევრი – მე-7 სიმფონია და ბიზეს კარმენ სუიტა.

BATUMI MusicFest-ზე საფრანგეთიდან ჩამოდის მსოფლიო ვარსკვლავი, სიპრიან კაცარისი (Cyprien Katsaris), რომელიც ფრანგული საფორტეპიანო მუსიკის შედევრს – რაველის (Maurice Ravel) კონცერტს შეასრულებს 20 სექტემბერს. ბათუმის სიმფონიურ ორკესტრს უდირიჟორებს მამუკა ალაფიშვილი.

ბელორუსიიდან ფესტივალზე ჩამოვა ახალგაზრდა პიანისტი მაია ირგალინა, რომელიც ლისტის მე-2 საფორტეპიანო კონცერტს შეასრულებს, ქართველ დირიჟორთან დავით კინწურაშვილთან ერთად. ამავე კონცერტში შესრულდება მოცარტის შედევრი – მე-40 სიმფონია.

დასკვნითი კონცერტი კი მიეძღვნება ბრწყინვალე ქართველ კომპოზიტორს, ალექსი მაჭავარიანს (Aleksandre Machavariani), სადირიჟორო პულტთან ბათუმის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარსდგება ვახტანგ მაჭავარიანი.