18 ივლისი, 2016

“ვეხმაურები გავრცელებულ ინფორმაციას”

1nino-surguladzeმას შემდეგ, რაც ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დასმა სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი თანამდებობიდან გადააყენა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე ნინო სურგულაძის კანდიდატურა განიხილებოდა.

მსოფლიოში აღიარებული ქართველი მეცო-სოპრანო ამ ფაქტს გამოეხმაურა:

“გავიგე, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია ჩემს კანდიდატურასთან დაკავშირებით. ამ დრომდე არ მქონდა საშუალება მეპასუხა შეტყობინებებისათვის, რადგან ვიმყოფები საზღვარგარეთ, კონკრეტულად იტალიაში და მაქვს „აიდას“ სპექტაკლები.

ვეხმაურები გავრცელებულ ინფორმაციას, მე ამ თემაზე ვრცელ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ინფორმაციაში მოყვანილ ფაქტებს უარვყოფ. მე, პირველ რიგში, ვარ მომღერალი, ასევე მაქვს ჩემი საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“ და მიმაჩნია, რომ ეს არის ჩემი მისია, რომელიც უამრავ ვალდებულებებს მაკისრებს საზოგადოებისა და იმ ბავშვების წინაშე, ვინც ჩემგან დახმარებას ელოდება.

სასიამოვნიოა, რომ მოვიაზრები ამ თანამდებობაზე, ამ დრომდე მომდის უამრავი შეტყობინება.
მადლობას გიხდით თბილი სიტყვებისთვის. აქვე მინდა ვთქვა, რომ ოპერის თეატრი ჩემი ტკივილია და ჩემი სიამაყე, მსურს თეატრში მიმდინარე პროცესებმა არ შებღალოს თეატრის იმიჯი და სიტუაციის განმუხტვა მოხდეს ცივილურად.

თქვენი ნინო!”