11 ივლისი, 2016

თბილისის და სოხუმის თეატრები ოზურგეთში

dumbadzis-festivali112 ივლისს ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მაყურებლის წინაშე წარსდგებიან თბილისის კარის თეატრისა და სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები.

თბილისის კარის თეატრი სპექტაკლს 15 საათზე გამართავს. ოზურგეთის თეატრის მცირე სცენას არტისტული ბავშვები დაიკავებენ.

გურიის ერთ-ერთ სოფელში ბოშები დაბანაკდებიან, ნაწარმოებში ჩანს გურულებისა და ბოშების ცხოვრებისეული ისტორიები. თუ როგორ დაუბრუნეს იმედი მარჩიელობით ბოშებმა, ომში დაკარგულთა ოჯახებს. სპექტაკლი გვიყვება გურულების სტუმართმოყვარეობასა და ბოშების მომთაბარე ცხოვრებაზე. სპექტაკლში ხაზგასმულია ბოშების თავისუფალი ცხოვრების წესი და გურულ ტრადიციებთან მათი შეუსაბამობა. წარმოდგენა მინორული განწყობით მთავრდება, როცა ბოშათა ბანაკი გურიის პატარა სოფელს გულდაწყვეტილი ტოვებს. თუმცა გურულებს რჩება ბოშებისგან დატოვებული დიდი იმედი.

სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრი სპექტაკლს 19 საათზე გამართავს. “გამარჯობა სოხუმო” ოზურგეთის თეატრის დიდ სცენაზე იქნება წარმოდგენილი.

1997 წლის 22 დეკემბერს, თბილისში განხორციელდა ლტოლვილი თეატრის მორიგი საპრემიერო წარმოდგენა ნოდარ დუმბაძისა და გურამ ოდიშარიას „გამარჯობა სოხუმო!“ (ინსც. ავტ. და რეჟ. გ. რატიანი, მხატ. მ. შველიძე, კომპ. გ. ჩლაიძე, ქორ. კ. მებუკე). სპექტაკლი შექმნილია ნოდარ დუმბაძის „ჰელადოსისა“ და გურამ ოდიშარიას „სოხუმში დაბრუნება“-ს მიხედვით. მასში ასახულია ქართველი და ბერძენი ახალგაზრდების მეგობრობის სევდიანი ისტორია და სამშობლოსადმი მძაფრი ნოსტალგია.

უაღრესად ემოციურ დადგმაში ჩართულია გალაკტიონის „გამარჯობა აფხაზეთო შენი!“, აკაკის „ნათელას ჩონგური“ და არაერთი ჰიტად ქცეული სიმღერა. ეს სპექტაკლი თეატრის სავიზიტო ბარათად იქცა. დადგმა მიეძღვნა აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოებისა და სრულიად საქართველოს ერთ-ერთ ეროვნულ ტრაგედიას, აფხაზეთში 1991 წელს განვითარებულ დრამატულ მოვლენებს.

იმავდროულად, ეს დადგმა შეეხმიანა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II–ის აღსაყდრების მე-20 წლისთავს, რომელმაც 11 წელიწადი სწორედ აფხაზეთის მიტროპოლიტად იმსახურა და იქვე იქნა არჩეული სრულიად საქართველოს პატრიარქად.

„გამარჯობა სოხუმო!“ დღემდე რჩება თეატრის ერთ-ერთ წარმატებულ სარეპერტუარო დადგმად. მასში არაერთი მსახიობი შეიცვალა, მაგრამ სპექტაკლი არ დაშლილა და ფართო საზოგადოებისათვის მისი ხილვა დღესაც ამაღელვებელია.