13 ივლისი, 2016

“ყველამ არ იცის, რომ ქალი ადამიანია!”

lia-liqok1და ღმერთმა შექმნა ქალი! – ალბათ ბევრს გაგიგიათ ეს ფრაზა, როდესაც კაცობრიობის შექმნის ისტორიას ისმენთ.

ამ მოვლენასთან დაკავშირებით, არსებობს ძველებრაული თქმულება, სადაც ნათქვამია, რომ ღმერთმა იმიტომ არ შექმნა ქმრის ბაგეთაგან ცოლი მისი, რომ არ ყოფილიყო იგი მოლაყბე, არ შექმნა თვალთაგან, რომ არ ყოფილიყო შურიანი, არც ყურებისგან, ვინაიდან ცნობისმოყვარე არ ყოფილიყო. შექმნა ნეკნისგან, როგორც ქმრის გულთან ახლოს მყოფი, ხორცით დაფარული სხეულის ნაწილისაგან, რომელიც უხილავია გარეშე თვალთაგან. თუმცა, ვერ დააღწია ქალმა თავი ცნობისმოყვარეობის სურვილს, მაგრამ ღვთიური ჩანაფიქრი ის იყო, რომ ცოლი დაფარულში ყოფილიყო გარეშეთაგან და მაქსიმალურად ახლოს თავის ქმართან.

ქალის არსის უკეთესად გასარკვევად და შესაცნობად ახალგაზრდა მწერალი ლია ლიქოკელი საზოგადოებას სპეციალურ ჩანაწერს სთავაზობს:

“ეს ქალია.
ქალს აქვს ორი ფეხი, ორი ხელი და ორი ყური.
აქვს ერთი ენა და ერთი თავი.
ქალს აქვს სხვა ორგანოებიც, მაგრამ
ყველა ქალმა არ იცის, რომ მათი გამოყენებისთვის
საჭიროა შესაბამისი ნებართვა.
ქალს აქვს ტვინი და შეუძლია ფიქრი,
რაც არ ნიშნავს, იფიქროს მაშინ, როცა მოუნდება.
ისე, როგორც მოუნდება.
ყველა ქალმა არ იცის, რომ საჭიროა შესაბამისი ნებართვა.
ქალს აქვს ხმა და შეუძლია ლაპარაკიც, მაგრამ
ზოგმა ქალმა არ იცის, რომ ყველაფრის თქმა არ შეიძლება.
ამისთვისაც საჭიროა შესაბამისი ნებართვა.
ქალს აქვს საშვილოსნო და შეუძლია გააჩინოს შვილი,
მაგრამ ამისათვის საჭიროა შესაბამისი ნებართვა.
ქალს შეუძლია არ გააჩინოს შვილი,
ამისთვისაც საჭიროა შესაბამისი ნებართვა.
მაგრამ
ყველა ქალმა არ იცის, რომ საჭიროა შესაბამისი ნებართვა.
ქალს შეუძლია უყვარდეს,
რაც არ ნიშნავს, რომ აქვს სიყვარულის უფლება
მაშინ, როცა მოუნდება.
ისე, როგორც მოუნდება.
ყველა ქალმა არ იცის, რომ საჭიროა შესაბამისი ნებართვა.
ქალს შეუძლია არ უყვარდეს,
მაგრამ
ყველა ქალმა არ იცის, რომ ამისათვის
საჭიროა სპეციალური ნებართვა.
ქალი მიდრეკილია გაუჩნდეს საკუთარი სურვილები,
ამიტომ საჭიროა იმყოფებოდეს მეთვალყურეობის ქვეშ,
რადგან
ყველა ქალმა არ იცის, რომ მისი სურვილები
სურვილები არ არის.
ეს ქალია.
ქალს აქვს ორი ფეხი, ორი ხელი და ორი ყური.
აქვს ერთი ენა და ერთი თავი.
ქალს აქვს სხვა ორგანოებიც,
საკმარისი იმისთვის, რომ რომელიმე მოაჭრა.
ეს ქალია.
ქალს შეუძლია იცოცხლოს.
მაგრამ
ყველა ქალმა არ იცის, რომ
ამისათვის საჭიროა განსაკუთრებული ნებართვა.
ეს ქალია.
ქალი ადამიანია.
ყველამ არ იცის, რომ ქალი ადამიანია!”