5 ივლისი, 2016

ნოსტალგიით დაწყებული სამხატვრო კარიერა

nikoloz11234თვითნასწავლმა მხატვარმა ნიკოლოზ წეველიძემ ამერიკაში, კომპანია DANCING CRANE-თან არსებული ქართული კულტურის ცენტრში გამოფენა გამართა. ექსპოზიციას ორგანიზება ცნობილმა მსახიობმა ცუცა კაპანაძემ გაუწია.

ნიკოლოზ წეველიძე:

– 2 ივლისს მქონდა გამოფენა… ეს მოხდა ჩემი მეგობრების დახმარებით და საბოლოოდ ქალბატონმა ცუცა კაპანაძემ განახორციელა… მართლაც რომ სახალხო არტისტი და ყველასათვის საყვარელი ადამიანია ქალბატონი ცუცა, რომელიც საქართველოს სიყვარულით ყოველთვის ყველა ქართველის გვერდში უდგას… მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც დაინტერესდა ჩემი შემოქმედებით, დამაფასა და მოვიდა… სიტყვებით მიძნელდება გადმოვცე მადლიერება და განცდილი ემოციები… ვფიქრობ, ამ გრძნობებს ფერებში გავაწყობ და ტილოზე გადავიტან.

– როგორ დაიწყო თქვენი სამხატვრო კარიერა?

– მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში გაყიდვების სფეროში ვმუშაობდი სხვადასხვა კომპანიებში, ვფიქრობ, ხელოვნებასთან კავშირი სულ მქონდა, თუმცა დროის უქონლობის გამო, ხატვისადმი სერიოზული დამოკიდებულება არ მქონია.

ხატვა დაახლოებით 3 თვის წინ დავიწყე… ერთ დღეს გადავწყვიტე, რომ შემეძინა საღებავები, თუმცა არ ვიცოდი, რა როგორ დამეხატა და ისევ მივანებე თავი… ერთხელაც ისევ ვცადე და დავიწყე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, “შიშველი ხელებით” ხატვა. დავიწყე და მას მერე აღარ გავჩერებულვარ… 3 თვეში 40-მდე ნახატი შევქმენი.

nikolozi1234

– ყველაზე მეტად რომელი მხატვრის გავლენას გრძნობთ? ცდილობთ დათრგუნოთ ეს თქვენში, თუ არ გიქმნით პრობლემებს?

– ჩემში ხატვის სურვილი გამოიწვია აქამდე განუცდელმა გრძნობებმა. მოგეხსენებათ, ემიგრაციაში ცხოვრება უკავშირდება მონატრებას სამშობლოს, ოჯახის, მეგობრების, რამაც დამაწყებინა ხატვა. ასე ვთქვათ, შვება მასში ვიპოვე. აქედან გამომდინარე, გავლენა არც ერთი მხატვრის არ მქონია… მანამდეც ინფორმაციულ დონეზე ვიცოდი ცნობილი მხატვრების შესახებ, მაგრამ დღეს უფრო მეტად დავინტერესდი არა მხოლოდ მათი შემოქმედებით, არამედ ცხოვრებით, თუ ვინ საიდან და რის საფუძველზე დაიწყო ხატვა…

რაც შეეხება მათი გავლენის ქვეშ ყოფნას, მე ჯერ კიდევ სწავლის პროცესში ვარ და ვფიქრობ, ეს სულ იქნება… ჩემი ხედვა აბსტრაქციაა, იმპრესიონიზმი… გამოვხატავ იმას, თუ რას განვიცდი, იქნება ეს პირადი განწყობა, რწმენა თუ მუსიკალურობა… ვხატავ ბუნებას ჩემში არსებულს და არა გარე სამყაროს…
nikoloz12345

– გაქვთ ნამუშევარი, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ?

– ძალიან ძნელია ასე გამორჩევა, თითოეულ ნახატს თავისი განცდა აქვს, თავისი ტკივილი თუ სიხარული… თავისი ისტორია… ჩემი ნამუშევრები არ შემიძლია გამოვარჩიო იმით, თუ რომელი უფრო მეტად, ან ნაკლებად მიყვარს… შემიძლია გამოვარჩიო, თუ საიდან დავიწყე და დღეს სად ვარ გაჩერებული, ვგულისხმობ ფერთა შეცნობას, გათავისებას და შესრულებას…

– ერთმა მხატვარმა თქვა, როცა ნამუშევარს ვყიდი, უკან აუცილებლად ვაწერ ”მაპატიე, რომ გაგყიდე”. თქვენც ასე ხართ?

– ძალიან სასიამოვნოა, როცა მნახველს სურვილი აქვს შენი ნამუშევრის შეძენის, ამის წინაპირობაა ის, რომ მისთვის ძვირფასია შენი “ქმნილება”, ე.ი. რაღაცას ჩასწვდა, გაგითავისა, თუმცა, ამის მიუხედავად, დანაკარგის გრძნობაა… შეიძლება ბევრისთვის გაუგებარია, მაგრამ ხელოვანისთვის მისი შემოქმედება ხომ შვილივით საყვარელია…

– იმისთვის რომ იმუშავოთ, რა გჭირდებათ ყველაზე მეტად?

– შინაგანი თავისუფლება… ეს უპირველესი რამაა, რაც განსაკუთრებით ხელოვანს სჭირდება… შესაძლებელია, მძაფრმა ემოციურმა ფონმაც განმაწყოს ხატვისთვის… ვერ ვიტყვი, რომ სიმშვიდე მჭირდება ხატვისთვის… ხატვის პროცესში ვმშვიდდები… ასევე მქონია შემთხვევა, რომ ადამიანთან საუბარი განმაწყობს ხატვისთვის.

– თუ ნახატი არ მოგწონთ, სანაგვისთვის გემეტებათ?

– არაა… ეს როგორ შეიძლება… ეს ხომ მხოლოდ ტილო და საღებავი არაა… ის უკვე ხატვის დროს განცდილ ემოციებს ატარებს… და ზოგადად ვფიქრობ, თვითკმაყოფილება ადამიანს განვითარებაში ხელს უშლის… მით უმეტეს, ხელოვნებაში ეს ხომ დაუსრულებელი პროცესია, მუდამ ახლის ძიება…

– გაქვთ ფერი, რომელიც თქვენს ნამუშევრებში უმთავრესია? და რომელი ფერები გიყვართ?

– ზოგადად მიყვარს პასტელის ფერები… მკითხველისთვის ადვილად აღსაქმელი რომ იყოს, გეტყვით, რომ მიყვარს გუსტავ კლიმტის ოქროსფერი… ვან გოგის ყვითელი… მომწონს ჯექსონ პოლოკის შემოქმედება თავისი ფერთა გამებით, ასევე პაულ კლეე. იმის მიუხედავად, რომ პიკასო სრულიად განსხვავებული ხედვაა – კუბიზმი – მოხიბლული ვარ მისი ლურჯი პერიოდით…

– რომელი ფერი ასოცირდება თქვენთვის სიყვარულთან?

– სიყვარულიც ხომ მრავალფეროვანია? შესაბამისად, ვფიქრობ, ნებისმიერი ფერით შეიძლება აიხსნას სიყვარული…

– რა განცდაა, როცა დამთვალიერებელს თქვენი ნამუშევრები არ მოსწონს?

– ეს ბუნებრივია და ამაში საწყენი არაფერია, ყველა ვერ გაგითავისებს…

ამასწინათ სადღაც წავაწყდი რენუარის სიტყვებს: “ხელოვნებაში გარდა განათლებისა, საჭიროა კიდევ რაღაც ისეთი საიდუმლო, რომელსაც ვერც ერთი პროფესორი ვერ აგიხსნის… რაღაც ისეთი სიფაქიზე და მომხიბვლელობა, რომელიც შენგან უნდა მოდიოდეს. პიერ ოგიუსტ რენუარი”

nikoloz21111

– ნიკოლოზ, რამდენი ხანია საქართველოდან წახვედით და თუ საიდუმლო არ არის, რა გახდა ამის მიზეზი?

– არა საიდუმლო არაფერია… ჩემი ამერიკაში წამოსვლის მიზეზი, თავისთავად, ფინანსური პრობლემები იყო. ისე, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვფიქრობდი, რომ მე აქ უნდა მეცხოვრა…