3 ივლისი, 2016

ნოდარ დუმბაძის სახელობის ფესტივალი ოზურგეთში

dumbadzis-festivali1ოზურგეთში ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დაარსდა.
ფესტივალი 5 ივლისს გაიხსნება და 15 ივლისის ჩათვლით მას ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ოზურგეთის დრამატული თეატრი უმასპინძლებს.

ნოდარ დუმბაძე XX საუკუნის ქართული მწერლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია, მისი ნაწარმოებები დღემდე არ კარგავს აქტუალობას და ინტენსიურად იდგმება მსოფლიოს თეატრების სცენებზე.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული თანამედროვე და კლასიკური მწერლობის პოპულარიზაციას, შეიტანოს გარკვეული წვლილი არადრამატული ნაწარმოებების (რომანი, მოთხრობა, ნოველა) ინსცენირების ტრადიციების განვითარების საქმეში, მხარი დაუჭიროს ქართული კლასიკოსი მწერლის ნოდარ დუმბაძის სახელის უკვდავყოფას.

გამოაცოცხლოს კულტურული ცხოვრება გურიის რეგიონში, ხელი შეუწყოს თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას გურიაში, განავითაროს ლიტერატურის ქართულ სცენაზე დადგმების ტრადიცია, შემოიკრიბოს და გააფართოვოს თეატრის მაყურებელი გურიის რეგიონში.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს 12 თეატრი, მათ შორის როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო თეატრები და ერთი სტუმარი თეატრი ლიტვის ქალაქ პანევეჟისიდან. საპატიო სტუმრის სტატუსით ჩამოსული თეატრალური დასი ფესტივალის მაყურებელს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით რეჟისორ ვასო ჩიგოგიძის მიერ დადგმულ სპექტაკლს „გამარჯობა ხალხო“ წარუდგენს.

ფესტივალი თავს უყრის ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დადგმულ სპექტაკლებს სხვადასხვა თეატრებში. ათი დღის განმავლობაში ფესტივალის მიწვეული სტუმრები და დაინტერესებული მაყურებელი ნახავს დუმბაძის ნაწარმოებების განსხვავებულ ინტერპრეტაციებს.

ნოდარ დუმბაძის სახელობის ფესტივალი გაიხსნება ოზურგეთის თეატრის საპრემიერო სპექტაკლით „ბოშები“, რომელსაც მაესტრო გიზო ჟორდანია ოზურგეთის თეატრის დასთან ამზადებს. მასთან ერთად, სპექტაკლზე მუშაობს ცნობილი კომპოზიტორი გომარ სიხარულიძე და სცენოგრაფი ლომგულ მურუსიძე.

14 ივლისი ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეა. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ნოდარ დუმბაძის იუბილე ჩოხატაურში, მწერლის სახლ-მუზეუმში და ჩოხატაურის სახალხო თეატრის სპექტაკლის ჩვენება.

ფესტივალს დახურავს ქართულ-ლიტვური კოპროდუქცია, ოზურგეთისა და პანევეჟისის თეატრების ერთობლივი სპექტაკლი „გამარჯობა ხალხო“. სცენაზე ნოდარ დუმბაძის პოპულარულ და ყველასთვის საყვარელ პერსონაჟებს ლიტველი და ქართველი მსახიობები ერთდროულად გააცოცხლებენ.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ექსკურსიები გურიის ღირშესანისნაობების დასათვალიერებლად და კრიტიკოსთა შეხვედრები პრესასთან.

ფესტივალის დამფუძნებლები არიან ოზურგეთის თეატრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინინსტრო და ქალაქ ოზურგეთის მერია.