25 ივლისი, 2016

ნიკოლოზ ჩოხელის დასახმარებლად ქართველი ემიგრანტები ერთიანდებიან

nika-choxeliმწერლისა და რეჟისორის, გოდერძი ჩოხელის შვილის, 28 წლის ნიკოლოზ ჩოხელის დასახმარებლად ქართველი ემიგრანტები ერთიანდებიან. ხელოვანის შვილი ავტოკატასტროფის შედეგად, საწოლს არის მიჯაჭვული და უცხოეთში სარეაბილიტაციო კურსის ჩატარება ესაჭიროება, რომ ისევ დადგეს ფეხზე და გავლა შეძლოს.

ნიკოლოზ ჩოხელის დასახმარებლად საქართველოში გაიმართა საქველმოქმედო მარათონი, ჩატარდა საქველმოქმედო სპექტაკლები, ამჯერად კი თავისი წვლილის შეტანას ამ საქმეში ამერიკაში წასული ქართველები აპირებენ.

ინფორმაციას ამერიკაში მოღვაწე ქართველი საოპერო მომღერალი ბექა გოგინაშვილი ავრცელებს:

“31 ივლისს, ნიკა ჩოხელის დასახმარებლად, იმართება საქველმოქმედო კონცერტი ქართველი ემიგრანტების მონაწილეობით. გთხოვთ მობრძანდეთ და თქვენი წვლილი შეიტანოთ კეთილ საქმეში.”

საქველმოქმედო კონცერტი ნიუ იორკში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერლები, მოცეკვავეები, მსახიობები, მწერლები – ხათუნა იოსელიანი, ცუცა კაპანაძე, მანანა ჩიტაური, მზია ქებურაშვილი, ზაირა ჩოხელი, დავით ამბროსიძე, თენგიზ შაუთიძე, ბექა გოგინაშვილი, გიორგი გულიაშვილი, ირაკლი შარაძე, ანი კოლხიდაშვილი, მალხაზ მანგოშვილი, ოთარ გიგოლაშვილი, თამაზ მარგიშვილი, ანი ბეგიაშვილი, კახა ბეგიაშვილი, ნინო ღარიბაშვილი, ნანა მეფარიშვილი, ანსამბლი “ზეკარი”, ვიქტორ სირელსონი.