Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნანი ბრეგვაძემ იუბილე მოკრძალებულად აღნიშნა

21 ივლისი, 2016

nanis-iubile1ქართველ მომღერალს და სახალხო არტისტს ნანი ბრეგვაძეს დღეს 80 წელი შეუსრულდა. მომღერალმა ამ დღის აღნიშვნა მოკრძალებულ გარემოში, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად წინანდალში გადაწყვიტა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით, 20 აგვისტოს ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში ნანი ბრეგვაძისდმი მიძღვნილი საღამო გაიმართება, რითაც მომღერლის საიუბილეო წელი დაიწყება.

საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, საქართველოს ეროვნული სიფმონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით. კონცერტის მუსიკალური პროდიუსერი მარინა ბერიძეა.

ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ტარდება.

ნანი ბრეგვაძე 1936 წლის 21 ივლისს, თბილისში დაიბადა. მომღერლის უსაზღვრო ნიჭი, დამახასიათებელი არტისტიზმი და ხელოვნებისადმი სიყვარული დღემდე იპყრობს მილიონობით ადამიანის გულს. ნანი ბრეგვაძეს 1974 წელს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა, 2001 წელს კი მომღერლის სახელობის ვარსკვლავი ფილარმონიის წინ საზეიმოდ გაიხსნა.