12 ივლისი, 2016

“მრავალეროვანი საქართველო” – უნიკალური აფიშების კატალოგი

katalogi-afishebis1“მრავალეროვანი საქართველო” – ასე ეწოდება ორენოვან კატალოგს, რომელიც საქართველოს ხელოვნების სასახლეში დაცული უნიკალური აფიშების კოლექციაზე დაყრდნობით გამოიცა.

პროექტის განხორციელება ხელოვნების მხარდაჭერის ცენტრისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს დახმარებით გახდა შესაძლებელი.

კატალოგში აფიშებში გადმოცემული საქართველოს მრავალეროვანი კულტურაა ასახული. საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში ამჟამად დაცულია 57 ათასი თეატრალური, კინო, ქორეოგრაფიული და პოლიტიკური აფიშა, თუმცა ამ კოლექციაში გამორჩეული და განსაკუთრებული ადგილი უკავია სხვადასხვა ენებზე შექმნილ კინოაფიშებს: უადრესი ნიმუშები სინემატოგრაფიის პერიოდს მიეკუთვნება და 1900 წლით თარიღდება. აქვეა ქართული კინოაფიშების უდიდესი კოლექცია, რომელიც 1912 წლიდან 2015 წლამდე 350 ფილმის 2100 აფიშავს მოიცავს.

კატალოგში შესულია 70-მდე უნიკალური ეგზემპლარი, მათ შორის უძველესი 1927 წელს ეკუთვნის და საბჭოთა სააფიშო ხელოვნების კლასიკას განეკუთვნება.

მკითხველს საშუალება ეძლევა უცხოურ ენაზე შედგენილ ქართულ აფიშებთან ერთად კატალოგში რუსული, სომხური, აზერბაიჯანული, ოსური და ინგლისური გამოცემებიც იხილოს.