5 ივლისი, 2016

მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლები დასავლეთ საქართველოში!

gastroili110 ივლისს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი დასავლეთ საქართველოში საგასტროლო ტურნეს იწყებს.

რეგიონალური გასტროლი საქართველოს ხუთ რეგიონს მოიცავს. თეატრის დასი ესტუმრება იმერეთს, სამეგრელოს, გურიას, აჭარას და სვანეთს.

მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლები „მე ვხედავ მზეს“, „არ დამივიწყო“, „ღამე და თუთიყუში“ , „შოუ ზღაპართა ქვეყანაში“ წარმოდგენილი იქნება ზესტაფონში, ზუგდიდში, ბათუმში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, სამტრედიაში, ფოთში, ქობულეთში, მესტიასა და უშგულში.

საგასტროლო ტურნე 10 ივლისს ზესტაფონიდან დაიწყება და 28 ივლისს მესტიაში დასრულდება.

რეგიონალური გასტროლი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

13 ივლისს მოზარდ მაყურებელთა თეატრალური დასი მონაწილეობას მიიღებს ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში, რომელიც ოზურგეთში ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში გაიმართება. მოზარდ მაყურებელთა თეატრი ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლს „მე ვხედავ მზეს“ წარმოადგენს. სპექტაკლი 19:00 საათზე დაიწყება.

19 ივლისს ფოთში რეგიონალური თეატრების ფესტივალის ფარგლებში ღია ცის ქვეშ გათამაშდება მუსიკალური სპექტაკლი „შოუ ზღაპართა ქვეყანაში“. წარმოდგენა 18:00 საათზე დაიწყება.

20 ივლისს შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო თეატრის დასახმარებლად მოზარდ მაყურებელთა თეატრი ითამაშებს რევაზ მიშველაძის ავტობიოგრაფიული ნოველების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს „არ დამივიწყო“.

26 ივლისს ზღვის დონიდან 2200 მეტრზე სოფელ უშგულში მოზარდ მაყურებელთა თეატრი ღია ცის ქვეშ გამართავს წარმოდგენას „შოუ ზღაპართა ქვეყანაში“, რომელიც 15:00 საათზე დაიწყება.

7 აგვისტოს კი “Heat Batumi”-ის ფარგლებში დაგეგმილ ფესტივალზე სახელწოდებით „თეატრი ქუჩაში“ მოზარდ მაყურებელთა თეატრი მაყურებლის წინაშე მუსიკალური სპექტაკლით „შოუ ზღაპართა ქვეყანაში“ წარსდგება.