6 ივლისი, 2016

“კუკარაჩას” ორიგინალური ინტერპრეტაცია

kukaracha-qutaiselebis1ოზურგეთში ალექსანდრე წუწუნავას სახელობის თეატრში ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა. ფესტივალის პირველ დღეს მაესტრო გიზო ჟორდანიამ მაყურებელს ოზურგეთის თეატრის საპრემიერო წარმოდგენა “ბოშები” შესთავაზა.

ფესტივალის მეორე დღეს 6 ივლისს, 19 საათზე ოზურგეთის თეატრის სცენა “კუკარაჩას” ორიგინალურ ინტერპრეტაციას დაეთმობა, რომელსაც ქუთაისის მესხიშვილის თეატრი და გიორგი სიხარულიძე წარმოადგენენ.

სპექტაკლის პრემიერა გასული წლის ზაფხულში შედგა. იგი ქუთაისი-სამტრედიის ერთობლივი პროექტია.

ნოდარ დუმბაძის ცნობილი ნაწარმოები შემოქმედებითმა ჯგუფმა სრულიად ახლებური რედაქციით გაითამაშა. სპექტაკლში სულ ოთხი მოქმედი გმირია – კუკარაჩა, მურტალო ,ინგა და მთხრობელი, რომელშიც გაერთიანებულია დეიდა ანიკოსა და ანჟელიკას სახეები.

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი გიორგი სიხარულიძე, მოთხრობის სიუჟეტიდან სარგებლობს მხოლოდ ფაბულით და სრულიად არ ინტერესდება გვერდითი მოვლენებით. მისთვის ამოსავალი სასიყვარულო სამკუთხედია – ურთიერთობები, სიყვარულისა და მტრობის მრავალწახნაგოვანი პერიპეტიები.

მთხრობელი, რომელიც სრულიად არაა ნაწარმოებში, ერთგვარი ბედისწერაა და ბედისწერის მაუწყებელიც. იგი სწორედ ბედისწერასავით იცვლის სახეს, ხან კეთილშობილების განსახიერებად, ხანაც ცხოვრებაგამოვლილ, ყოვლად უწესო და თავზეხელაღებულ ქალად.