28 ივლისი, 2016

იმღერეთ ქართულად!

1temo-sajaiaიმღერეთ ქართულად! – ამ მოწოდებით ახალგაზრდა მომღერალი თემო საჯაია გამოდის:

“ეს მათთვის, ვისაც ქართულად სიმღერა “უტყდებათ” და ეგრეთწოდებული მეტი “პრადვინუტობისთვის” სიმღერებს ინგლისურ ენაზე ასრულებენ.

იმღერეთ ქართულად!

რას ნიშნავს ქართულად სიმღერა? ქართული ფოლკლორის შედვრების შესრულებას? ან იქნებ დიდი ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილი ბრწყინვალე ნაწარმოებების ახლებური ვერსიით ან უცვლელად მღერას? ან ისეთი მუსიკის შექმნას, რომელიც სინთეზურად გააერთიენებს ფოლკლორს და ახალ ორიგინალურ მელოდიას?

რა თქმა უნდა, ზემო ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი ვარიანტი ნიშნავს ქართულად მღერას. მაგრამ რა ვუყოთ, იმ სურვილს, როდესაც მუსიკოსს სურს საკუთარი თავი გამოსცადოს ისეთ მუსიკალურ ჟანრებში, როგორიცაა როკი, ბლუზი, ჯაზი, სოული და ა.შ.? სურს შექმნას საკუთარი მუსიკა იმ ჟანრებში, რომელ ჟანრებზეც ამბობენ, რომ არ არის ქართული და ქართველებმა, მხოლოდ ქართული მუსიკა უნდა აკეთონ (უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ამ მოსაზრება არ ვეთანხმებით).

რა უნდა ქნას მუსიკოსმა, როდესაც თავს მსოფლიოს ნაწილად თვლის და მიაჩნია, რომ მისი ადგილი, მაგალითად როკ მუსიკაშია. უნდა შეასრულოს ეგრეთწოდებლი “ქავერები”? თუ გაითვალისწინოს მავანის აზრი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ქართული ენა ხისტია და ვერ ესადაგება იმ მუსიკას, რომელიც “არაქართულია” და ამ ჟანრებში შექმნილ მელოდიას უცხოური ანუ ინგლისური ტექსტი უნდა მოარგოს. (ეს მოსაზრებაც მიგვაჩნია, რომ მცდაზე მცდარია). რა უნდა ქნას ქართველმა მუსიკოსმა?

შევეცდებით პასუხი გავცეთ ამ შეკითხვას: საქმე იმაში გახლავთ, რომ ისეთ ღირებულებას, როგორსაც მუსიკა წარმოადგენს, არ შეიძლება ერთი კონკრეტული პატრონი ჰყავდეს, ან რომელიმე კონკრეტულ ერს ეკუთვნოდეს. მავანი გვეტყვის, რომ ესა თუ ის მიმდინარეობა არ არის ქართული, რადგანც სხვა ქვეყანაში გამოიგონეს, დახვეწეს და განავითარეს, ჩვენ კი მათ ფეხბურთის მაგალითით ვუპასუხებთ, ცნობილია, რომ ფეხბურთი ინგლისელებმა მოიგონეს (თუმცა არის ვერსია, რომ ჩინელებს გაცილებით ადრე ჰქონდათ მსგავსი სპორტული თამაში) და როგორც სპორტული დისიპლინა ინგლისში ჩამოყალიბდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია სხვა ქვეყნებისათვის, რომ ფეხბურთი მიეღოთ და გაცილებით მაღალი სიმაღლეებისთვის მიეღწიათ სპორტის ამ სახეობაში, ვიდრე თავად ინგლისს. ვფიქრობ, საჭირო არ არის მსოფლიო ჩემპიონების ჩამოთვლა, მაშინ, როდესაც ინგლისმა მხოლოდ ერთხელ მოახერხა მსოფლიო ჩემპიონატის მოგება, ესეიგი თუ მავანის ლოგიკას გავყვებით, რა გამოდის? რომ სხვა ქვეყნებს უარი უნდა ეთქვათ ფეხბურთის თამაშზე, რადგან სპორტის ეს სახეობა არაბრაზილიური, არაიტალიური, არაგერმანული და ა.შ. იყო?!

სწორედ ასეა ხელოვნებაშიც და ამაშია მსოფლიოს ერთიანობის იდეა, რომ მუსიკა, მხატვრობა, ლიტერატურა, პოეზია, კინო და ა.შ. არა რომელიმე კონკრეტული ერის ან ქვეყნის, არამედ მსოფლიოს და მსოფლიო ხალხის საკუთრებაა. ვფიქრობ, პასუხი გაცემულია.

ესე იგი რა უნდა ქნას ქართველმა მუსიკოსმა თუ სურს მოღვაწეობა, რომელიმე ზემოჩამოთვლილ ჟანრში? პასუხი მარტივია: წეროს ქართულად! ქართულ ენაზე! ხოლო ის დამოკიდებულება, რომელიც ზოგიერთ ქართველ მუსიკოსს აქვს, თითქოსდა ქართულ ენაზე ვერ დაწერ კარგ ტექსტ ან ის, რომ ქართული ენას ვერ მოარგებ ამა თუ იმ ჟანრს, მიგვაჩნია, რომ არაფერია თუ არა უპასუხისმგებლობა და არაპროფესიონალიზმი. როგორც გალაკტიონი იტყოდა: “ნიჭი ძამიკო, ნიჭი!”

ენა, პირველ რიგში, მეტაფორული მოვლენაა და შენ როდესაც “ცხოვრობ ქართულ ენაში” (ენათმეცნიერების ტერმინია) ქართულად აღიქვამ სამყაროს, უფრო ზუსტად ქართული ენით.
მუსიკა, რომლითაც გსურს ესაუბრო ქართველ ერს და საქართველოს მოქალაქეებს, აუცილებელია იყოს ქართულ ენაზე ნამღერი. იმათ საპასუხოდ კი ვინც ამბობს, რომ ქართული ენაზე არ იწერება კარგი ტექტები, ასე ვიტყოდით: როგორღაც ეს ენა რუსთაველს და ჩვენს მიერ ზემოთ ნახსენებ გალაკტიონს ეყო და ერთ სიმღერასაც ეყოფა!

რა უნდა ქნას ქართველმა მუსიკოსმა?

პასუხი მარტივია: იმღეროს ქართულად.”