9 ივლისი, 2016

“გიორგი კალანდია აცხადებდა, რომ გვიჩივლებდა მისი მუზეუმის დისკრედიტაციის გამო”

1giorgi-kalandiaხელოვნების სასახლის დირექტორის გიორგი კალანდიას მიერ გავრცელებულ განცხადებას საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დისკრედიტაცისთან დაკავშირებით, ht-tp://georgiastartshere.com/-ის გუნდი საპასუხო წერილით გამოეხმაურა:

“2016 წლის 29 ივნისს, მივიღეთ შეტყობინება http://georgiastartshere.com/-ის ოფიციალურ Facebook გვერდზე, სადაც მერი ხარაიშვილი – არტპალასის წარმომადგენელი გვთხოვდა საკონტაქტო ნომერს.

შედეგად, ამავე დღეს, ჩვენს ერთ-ერთ დამფუძნებელს ტელეფონით დაუკავშირდა პროფესორი გიორგი კალანდია, რომელმაც მოგვთხოვა ახსნა-განმარტება თუ რატომ ვერ მოხვდა არტ პალასი (საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი) ჩვენს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიაში. (http://georgiastartshere.com/top-georgian-10-museums/)

პროფესორ გიორგი კალანდიას საუბრის ტონი იყო უხეში. ის აცხადებდა, რომ გვიჩივლებდა მისი მუზეუმის დისკრედიტაციის გამო. ჩვენმა თანადამფუძნებელმა მშვიდად უპასუხა, რომ ჩვენ ვაქვეყნებთ ბლოგერების სტატიებს, სადაც ვუზიარებთ მკითხველებს საკუთარ მოსაზრებას, შესაბამისად, ჩვენ არ ვხელმძღვანელობთ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებით და ისევე როგორც ჭეშმარიტ ბლოგს შეეფერება, ვაქვეყნებთ ჩვენს სუბიექტურ შეფასებებს.

საუბარი დასრულდა სასამართლოში ჩივილის დაპირებით და ჩვენი თანადამფუძნებლის გაოცებული ფრაზით – „როგორც გენებოთ“.

ამის შემდეგ, 1 ივლისს, მივიღეთ ოფიციალური წერილი, სადაც პროფესორი გიორგი კალანდია გვთხოვდა განმარტებას იმის თაობაზე, თუ რატომ არ მოხვდა არტ პალასი ჩვენს სტატიაში.

8 ივლისს, ელექტრონული ფოსტის საშუალებით გავუგზავნეთ ჩვენი გუნდის პასუხი მას. (ვაქვეყნებთ ჩვენს წერილს!)

ამავე დღეს, პროფესორმა გიორგი კალანდიამ თავის პირად კედელზე გამოაქვეყნა ამონარიდები ჩვენი წერილიდან და გვიწოდა არაპროფესიონალები და დილეტანტები, შემდეგ ვებსაიტმა artinfo.ge-მაც გაავრცელა ეს ინფორმაცია(http://goo.gl/rGnHiq)

სწორედ ამის გამო, იძულებულნი ვართ ჩვენი წერილი სრულად გამოვაქვეყნოთ და საჯაროდ მივწეროთ პროფესორ გიორგი კალანდიას ჩვენი მოსაზრებები მის წერილებზე:

ჩვენ არ ვართ ჟურნალისტები და არასდროს დაგვიბრალებია ჟურნალისტობა. გთხოვთ, პროფესიონალ ჟურნალისტებს ჩვენს გამო შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ.

ავტორი, რომელმაც დაწერა თქვენს მიერ აღნიშნული სტატია არის Master in Arts & Culture დიპლომის მფლობელი და მას ამ სფეროში არაერთწლიანი გამოცდილება აქვს. ჩვენ პატივს ვცემთ და ვიზიარებთ მის მოსაზრებას.

ჩვენთვის გაუგებარია, რატომ არის „არაფრის თქმა“ დისკრედიტაცია და რატომ არ არის ჩვენი არაპროფესიონალებად და დილეტანტებად მოხსენიება დისკრედიტაცია? მიუხედავად ამისა, თავს არასდროს მივცემდით უფლებას დაგვერეკა, გაგველანძღეთ და „სტატიაში არ მოხსენიების“ მიზეზით სასამართლო დავა წამოგვეწყო.

თეატრი, კინო, მუსიკა და ქორეოგრაფია, თავისთავად, არ არის ვიწრო ინტერესის საგანი, მაგრამ არც იმის თქმაა უზუსტობა, რომ თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმს სტუმრობს სპეციფიკური აუდიტორია – თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის ისტორიით დაინტერესებული დამთვალიერებელი. ინგლისურენოვან ტურისტებს, რომლებისთვისაც ვწერთ ჩვენს პოსტებს, სამწუხაროდ, კიდევ უფრო ნაკლები ინფორმაცია აქვთ ქართულ კულტურაზე ამ მიმართულებით.

დასასრულს, კიდევ ერთხელ გარკვევით და მოკლედ გეტყვით:

ჩვენ არ ვართ ვალდებულნი ანგარიში ჩაგაბაროთ თუ რატომ არ მოგიხსენიეთ ჩვენს სტატიაში. ჩვენს ვებ გვერდზე ყოველთვის მხოლოდ იმას გამოვაქვეყნებთ, რასაც ვიზიარებთ და ვეთანხმებით.

რაც არ მოგვწონს, იმის შესახებ არ ვწერთ, რათა შეურაცხყოფა არავის მივაყენოთ.”

kalan1

kaland1