30 ივლისი, 2016

“ეს ის ქვეყანაა, რომლის სახელმწიფო ენას აბუჩად იგდებენ!”

1levan-gvinjilia– ჩვენ ის (ბლუ!!!) ქართველები არა ვართ, “რადისონ ბლუ ივერიას” ხბოს აღტაცებით რომ შევსციცინებთ? – ამბობს ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია და ყველას ქართული ენის დაცვისა და მოფრთხილებისკენ მოუწოდებს.

ლევან ღვინჯილია:

“ამერიკელი პოპ დივას კონცერტი Black Sea Arena-ზე.

ერთ წინადადებაში ორი სხვადასხვა ანბანის გამოყენება არის ყოვლად დაუშვებელი, მაგრამ საქართველოში ასეთი ან მსგავსი ლინგვისტური (და – არამხოლოდ!!!) ქცევა უკვე აღარავის უკვირს.

ეს ის ქვეყანაა, რომლის სახელმწიფო ენას, ერი და ბერი, ხელისუფლება და ხალხი ყოველ ნაბიჯზე აბუჩად იგდებს!

ცალკე საკითხია, რომ თვით დასახელება ამ ე.წ. “არენისა” ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, ვერც ენობრივსა და ვერც პრაგმატულს… (ამის შესახებ ზოგი რამ დაიწერა).

სამწუხაროდ, წარმოდგენა არა მაქვს, ეს ვისი იდეაა, მაგრამ, ვისიც არ უნდა იყოს, ყოვლად მიუღებელი და გაუმართლებელია; უფრო მარტივად თუ ვიტყვი: არ ვარგა!!!

ნათქვამია, “ნაჩუქარ ცხენს კბილებს არ უსინჯავენო”.

ქველმოქმედი ადამიანისაგან ერისა და ქვეყნისათვის ამ რანგის საჩუქრის მირთმევას ძნელად თუ შეაფასებს ვინმე გადაჭარბებულად, მაგრამ, ამის მიუხედავად, ჩვენს ნებისმიერ მოქმედებაში უნდა ჩანდეს, რომ ქვეყნის სახელმწიფო ენის ღირსება არ ხურდავდება და არაფერზე არ იცვლება.

რას ვგულისხმობ? მკითხოს ხელისუფლებამ და სიამოვნებით განვუმარტავ, ოღონდ, აუცილებლად საჯაროდ და თანაც ისე გასაგებად და მარტივად, რომ მესამეკლასელი ბავშვიც კი ადვილად გაიაზრებს: თურმე რაში ყოფილა საქმე;

ჩვენ ის ქართველები არა ვართ, ქართული მინერალური წყლის კომპანიას “ჯორჯიან გლას ენდ მინერალ უოთერ კომპანის” რომ ვეძახდით?

ჩვენ ის ქართველები არა ვართ, დედაქალაქის წყლით მომმარაგებელ კომპანიას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” რომ დავარქვით?

ჩვენ ის (ბლუ!!!) ქართველები არა ვართ, “რადისონ ბლუ ივერიას” ხბოს აღტაცებით რომ შევსციცინებთ?

ჩვენ ის ქართველები არა ვართ, ამასწინათ უცხოელი ესტრადის ვარსკვლავებისა და ქართული ეროვნული ანსამბლების დიდი სახელოვნებო მარათონი რომ მოვაწყვეთ, რომელიც წლის ბოლომდე უნდა გაგრძელდეს და “ჩექ ინ ჯორჯია” რომ დავარქვით?

აბა, ამ ფონზე, “ბლეკ სი არენა” რატომ უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ, ნუთუ არ შეიძლება, ქართული წიდადადების წაკითხვა იმანაც შეძლოს, ვინც უცხო ენა არ იცის?

არაა ეს დიკრიმინაცია?

ნამდვილად არის და თანაც როგორი: სახელმწიფო დონეზე განგაშის ზარების დასარისხებელი, მაგრამ “ბედნიერ ერს” ყურთბალიშზე რომ სძინავს და ამასობაში ხელისუფლება მას საით მიერეკება, არც კი იცის, ეს არაა ეროვნული კატასტროფა?

და მაინც, უკიდეგანო მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, Black Sea Arena რომ ჯერ აგვიშენა და მერე გვაჩუქა!!!

“ო, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი; როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?”…