3 ივლისი, 2016

“ჩაირეცხა თქვენი დრო!”

1sturua“ვაჟკაცი და ჯენლტმენი!” – ასე უწოდებს თავის მორიგ ჩანაწერს რეჟისორი რობერტ სტურუა. რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისთვის გაუგებარია, თუ რატომ გვყავს ასეთი უნიჭო, ბოროტი, ვერაგი, თვალთმაქცი და ამავე დროს მხდალი მამაკაცები პოლიტიკაში.

რობერტ სტურუა:

“რატომ გვყავს ასეთი უნიჭო, ბოროტი, ვერაგი, თვალთმაქცი და ამავე დროს მხდალი მამაკაცები პოლიტიკაში?! (ქალებზე არაფერს ვამბობ)!

აგერ ინგლისელი დევიდ კამერონი გადადგა – არავითარი ტრაგედია, როგორც ეკადრება ბრიტანელ ჯენტლმენს, ანუ ქართულად, ვაჟკაცს, დაემშვიდობა თავის ხალხს და ღირსეულად დატოვა თავისი პოსტი.

წავიდა, ობობასავით არ ჩაჯდება, ბინძურ სადარბაზოს კედლებში და არ მოჰყვება ბრიტანეთის გინებას, საკუთარი ქვეყნის მიწაში ჩადებას. საკუთარ ერს ნაძირალებად არ მონათლავს; ერთი ოცნება აცოცხლებს – მისი ქვეყანა უფსკრულში გადაიჩეხოს, აირიოს ისე, რომ ვეღარ აეწყოს – ბედნიერი იქნება მუდამ – ოღონდ ეკონომიკური კრიზისის მორევში ჩაიხრჩოს; სამოქალაქო ომი თუ დაიწყება, მეშვიდე ცაზე აფრინდება!

არავინ არ აწამა დევიდმა, არავინ არ მოუკლავს, როგორც ქართველ ბელადებს სჩვევია (იქნებ წამება და დამცირება ჩვენი გენიაა, ნოეს მიერ ჩადებული – აბა, საიდან ამდენი სისხლისმსმლი ამ ცაფირუზხმელეთში – ზურმუხტს უკვე ვტოვებ)!

ო, ბოროტო, ჯიბის ქურდებო, ვიცით, ყველგან ბინები გაქვთ ნაყიდი, წადით რა, იქ იბოზეთ და იქ გვაგინეთ!

და არ იოცნებოთ დაბრუნებაზე!

ჩაირეცხა თქვენი დრო!”