19 ივლისი, 2016

“არასასიამოვნო ამბავი გადამხდა”

1sergi-gvarjaladzeგადაცემა “კომუნიკატორის” წამყვანს სერგი გვარჯალაძეს უსიამოვნო ამბავი შეემთხვა, რომელიც მან საზოგადოებას საჯაროდ გაუზიარა.

სერგი გვარჯალაძე:

“მეგობრებო, ერთი არასასიამოვნო ამბავი გადამხდა თავს და მინდა გაგიზიაროთ თქვენც, რომ მსგავს სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ.

მაისის თვეში დავიწყე ტურისტული კომპანიის ძებნა იმისათვის, რომ ჩემს შვილებთან ერთად, აგვისტოს ბოლოს, ერთი კვირით დასასვენებლად გავმგზავრებულიყავით. რამდენიმე ტურისტული სააგენტოს წინადადებიდან, ონლაინ რეჟიმში ავარჩიე ტურისტული კომპანია “Cherry Travel”. კომპანიის წარმომადგენელმა, ქეთევან ჩიხლაძემ შემოგვთავაზა საბერძნეთის ტური, რაც ჩემთვის მისაღები იყო და ა.წ. 13 მაისს კომპანიას ტურის სრული საფასური ინტერნეტ ბანკის საშუალებით გადავურიცხე.

თანხის გადარიცხვის შემდეგ, ელექტრონულ ფოსტაზე მოგვივიდა შეტყობინება, თანხის ჩარიცხვის დადასტურების შესახებ და ასევე ინფორმაცია, რომ ბილეთები ჯერ არ არის ატვირთული და როგორც კი აიტვირთება დანარჩენ ვაუჩერებთან ერთად მოგვაწვდიან.

ვაუჩერების დროულად არ მიღების გამო თითქმის ყოველდღიურად ვაწარმოებდით მიმოწერას Viber-ის და მობილური ტელეფონის საშუალებით “Cherry Travel”-ის დირექტორთან თეონა გოგსაძესთან, რომელიც ყოველდღე გვარწმუნებდა, რომ ვაუჩერს მალე გადმოაგზავნიდა. თავდაპირველად, ქალბატონი თეონა გოგსაძე ირწმუნებოდა, რომ ვინაიდან ტური აგვისტოშია დაგეგმილი, ორთვიანი ინტერვალი აფერხებს ვაუჩერის შეძენის პროცესს.

საბოლოოდ კი, 27 ივნისს მიზეზად დაასახელა ის, რომ მათი გადარიცხვა დააყადაღეს, ჯავშანი გაუუქმეს რის გამოც თავიდან მოუწიათ ყველაფრის გაკეთება. მისი ინფორმაციით პარასკევს, 24 ივნისს მიიღეს დასტური და ორშაბათს, 27 ივნისს უნდა გადარიცხულიყო თანხა ხელახლა. შედეგად, 28 ივნისს 4 საათამდე საგზური შესყიდული იქნებოდა, რაც კვლავ სიცრუე აღმოჩნდა.

არსებული საეჭვო და ბუნდოვანი გარემოებების გამო, მოვითხოვე ქალბატონ თეონა გოგსაძისგან, შეედგინა ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილი, თანხის დაბრუნების პირობით.

30 ივნისს, თეონა გოგსაძემ მომაწოდა ამ შინაარსის წერილი, თუმცა იგი ნოტარიულად დამოწმებული არ იყო. წერილში დებდა პირობას, რომ ტურის საფასურს და ასევე ჯარიმას ა.წ. 3 ივლისამდე დააბრუნებდა. კვირას, 3 ივლისს, ისევ დაარღვია თეონა გოგსაძემ დაპირება და მთხოვა დრო მიმეცა 6 ივლისამდე, რაზეც დავთანხმდი და როდესაც თანხა არ გადმომერიცხა კვლავ დავუკავშირდი თეონა გოგსაძეს ვაიბერით და მიმოწერის დროს ამჯერად უკვე შემპირდა, რომ მისი პარტნიორისგან უნდა ველოდო ომანიდან (!!!) გადმორიცხვას და ამისათვის ჩემი დოლარის ანგარიშის ნომერი უნდა მიმეცა. თუმცა თანხა დღემდე არ დაბრუნებულა.

როგორც მერე გაირკვა, ონლაინ არსებული ინფორმაციით (რეესტრები. ა.შ), აღნიშნულ კომპანიას არაერთი პრობლემა აქვს, რაც ბადებს გონივრულ ეჭვს, რომ ქალბატონი თეონა გოგსაძე მისი კომპანიის მეშვეობით ხალხს თაღლითურად სძალავს ფულს. ამ ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ მისი სახელის “დაგუგლვის” დროს პირველი, რაც ამოდის, არის შემთხვევა, სადაც მას დაევალა კრედიტორის ვალის დაფარვა სააღსრულებო ბიუროს მიერ.

ამის გარდა, რამდენჯერაც ვიყავი კომპანიის ოფისში მისული, ოფისი დახურული დამხვდა, ხოლო გარშემო მაღაზიებში გვითხრეს, რომ საკმაოდ ბევრი ხალხი კითხულობს სააგენტოს შესახებ და მისი მეპატრონეების შესახებ.

რამდენიმე დღის წინ, ჩემს მეგობარს ვთხოვე დაერეკა კომპანიაში, ეკითხა ისინი კიდევ თუ ოპერირებენ და თუ შეუძლიათ მოგზაურობის დაბრონვა, მას უპასუხეს, რომ ტურისტული ჩვეულებრივად მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი გოგსაძე დაჟინებით მეუბნებოდა, რომ ჩვენი შემთხვევის გამო გააჩერეს მუშაობა.

მოკლედ, ეს “დეტექტიური” ისტორია არ ყოფილა ერთჯერადი და საკმაოდ ხშირია ამ სეზონზე. თუ მსგავსი რამ გადაგხდათ, მომწერეთ ინბოქსში.

მე კი იძულებული გავხდი, ლეგალურ გზას დავადგე და, სავარაუდოდ, გრძელ და არასასიამოვნო დავაში ჩავერთო.

მოკლედ კარგ ზაფხულს გისურვებთ და ფრთხილად!”