8 ივლისი, 2016

“არაპროფესიონალიზმისა და დილეტანტობის საუკეთესო მაგალითი!”

1giorgi-kalandiaსაქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ხელოვნების სასახლის მაღალი ხარისხის იმიჯის შელახვას ვერავის დაუთმობს.

გიორგი კალანდია:

“17 მაისს, ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა სტატია სახელწოდებით „ტოპ 10 მუზეუმი რომელიც უნდა ნახოთ საქართველოში“ (http://georgiastartshere.com/top-georgian-10-museums/) ტოპ მუზეუმთა სიაში საქართველოს ხელოვნების სასახლე რატომღაც არ მოხვდა.

საიტის ადმინისტრაციას ვთხოვეთ ოფიციალური პასუხი ამ გარემოებასთან დაკავშირებით, რადგან გასულ წელს მუზეუმი 38 ათასზე მეტმა ვიზიტორმა დაათვალიერა (რაც საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია), ამასთანავე მუზეუმი გახდა ევროპა ნოსტრას სპეციალური პრიზის მფლობელი და იგი პირველი სამუზეუმო ორგანიზაციაა საქართველოდან, რომელმაც Google-ს კულტურულ ინსტიტუტთან ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.

აი: ნახეთ რა „პროფესიული დონის“ ახსნა განმარტება მივიღეთ, გთავაზობთ ამონარიდს:

“მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით 2016 წლის 21 მაისს, „ღამე მუზეუმში“ ფარგლებში, საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს 1,500 ვიზიტორი ესტუმრა, რაც ნიშნავს, რომ შ. ამირანაშვილისა და ი. გრიშაშვილის სახელობის მუზეუმებთან ერთად, თქვენ ვიზიტორების მხრივ 84 მუზეუმს შორის მესამე ადგილი დაიკავეთ.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად, გვინდა ხაზი გავუსვათ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს – ვებ გვერდი GeorgiaStartsHere.com არის თავისუფალი პორტალი, რომლის კონცეფცია არის საქართველოს მოქალაქეების მიერ საკუთარი, სუბიექტური მოსაზრებებისა და რჩევების გაზიარება ინგლისურენოვანი ტურისტებისთვის. ამის შესახებ ჩვენს ვებ-გვერდზე არის ნახსენები (სექცია – About Us). შესაბამისად, ჩვენ არ ვინტერესდებით სტატისტიკით, არ ვეძებთ სახელმწიფო ან კერძო უწყებების მოსაზრებებს, არამედ ვაზიარებთ ჩვენი ავტორების პირად გამოცდილებასა და დამოკიდებულებას კონკრეტული ადგილებისა, თუ საკითხების მიმართ.

ავტორმა, რომელმაც დაწერა თქვენს წერილში ნახსენები სტატია, მიიჩნია, რომ საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი, მისი პროფილიდან გამომდინარე, არის ვიწრო ინტერესის მუზეუმი. მიუხედავად უდაოდ მაღალი ხარისხის გამოფენებისა და ექსპოზიციებისა, სწორედ ამ მიზეზით არ მოხვდა თქვენი მუზეუმი საქართველოში არსებული 84 მუზეუმიდან შერჩეული 10 მუზეუმის სიაში“.

არაპროფესიონალიზმისა და დილეტანტობის საუკეთესო მაგალითი! ტრაგედიაა როცა ჩვენს ქვეყანაში ყველას ჟურნალისტი ქვია! თურმე თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია და ხელოვნება ყოფილა ვიწრო ინტერესი! ნამდვილად არ გამოვირჩევი პოლემიკით სოციალურ ქსელში, მაგრამ ჩვენი ორგანიზაციის მაღალი ხარისხის იმიჯის შელახვას ვერავის დავუთმობ!”