8 ივლისი, 2016

”300-ზე მეტი “პიკანტური” უწმაწური სიტყვა”

rusudan-pirveli1პროექტის ”არმატურა” პროდიუსერმა ნოდარ ნოზაძემ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2016-2017 წლის წარმოების დაფინანსების კონკურსის ჟიურის ერთ-ერთი წევრის შეფასება გამოაქვეყნა.

ამ შეფასების ავტორი რუსუდან პირველი აღმოჩნდა, რომელმაც განმარტა, თუ რატომ გააკეთა ასეთი შეფასება.

რუსუდან პირველი:

“2016 წლის მარტში, ეროვნულმა კინოცენტრმა განსახილველად მიიღო ფილმის პროექტი „არმატურა“, რომელიც მე, როგორც ჟიურის წევრმა, წავიკითხე, შევაფასე და, ჩემი აზრით, პროექტის შესაბამისი კომენტარი დავწერე. როგორც ვხედავ, ეს კომენტარი სოციალურ ქსელებში გაავრცელეს და ჩემთვის ბევრმა ნაცნობმა და უცნობმა ადამიანმა საკუთარი აზრი თუ კომენტარი არ დაიშურა.

თვალსაჩინოა, რომ სენსაციას მოწყურებულმა ადამიანებმა დაუყოვნებლივ ააგორეს ტალღა, გამოიტანეს დასკვნები და შესაძლო სასჯელიც დანიშნეს. მივმართავ ყველას, ვინც კრიტიკა არ დაიშურა, თავი შეიკავონ ნაჩქარევი შეფასებისაგან, თუკი საქმის არსს სრულად არ იცნობენ, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ბევრი მათგანი აზრს არ შეიცვლის.

მოკლედ გაგაცნობთ ვითარებას: ეროვნული კინოცენტრის 2016-2017 წლის სრულმეტრაჟიანი ფილმის დაფინანსების კონკურსში 17 პროექტი იყო წარდგენილი, რომელიც 7-მა ჟიურის წევრმა შევაფასეთ. კონკურსის გამარჯვებული გახდა ორი პროექტი: ზაზა ხალვაშის „ნამე“ და თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტი“. ლაშა ცქვიტინიძის პროექტი „არამტურა“ პირველი ტურის შედეგებით მე-10 ადგილზე გავიდა და, შესაბამისად, ვერც მეორე ტურში გადასულ 4 პროექტში მოხვდა. არა იმიტომ, რომ მე, როგორც ჟიურის 7-დან ერთ-ერთ წევრს ესთეტურად მიუღებლად მიმაჩნდა ამ პროექტის დაფინანსება, არამედ იმიტომ, რომ ზოგადად, ჟიურის 7-ვე წევრის ჯამური კენჭისყრის შედეგებით მეორე ტურში გადასასვლელად ქულები არ ეყო.

სცენარი „არმატურა“ 122-გვერდიანია. შინაარსის გამხელის უფლება არ გამაჩნია (ამას ალბათ უშუალოდ ავტორი ან პროდუსერი ითავებს), მაგრამ გარწმუნებთ, მასში უხვადაა უჩვეულო სექსუალური სისასტიკის, ძალადობისა და სიძულვილის სცენები, მოვლენები და ფრაზები.

მარტივად რომ დავითვალოთ, პროექტში გამოყენებულია:

65-ჯერ „&ლე“, „&ლის“ და ა. შ.
54-ჯერ „ტ&ნაური“, „ვტ&ნავ“, „მოუტ&ნა“ და ა.შ.
51-ჯერ „ბო&იშვილი“ და „ბო&ი“
42-ჯერ „დედა მოვტ&ან“
26-ჯერ „დედას შევე&ი“
22-ჯერ „ტრაკი“
13-ჯერ „დედამოტ&ნული“
12-ჯერ „მო&მა“
11-ჯერ „მძ&ნერი“ და „ძ&რენი“
5-ჯერ „პენისი“
3-ჯერ „პრო&ი“
3-ჯერ „რწყევა“ და „ღებინება“
2-ჯერ „ნ&რევა“
2-ჯერ „თ&იური“
2-ჯერ „ფუ&ური“, „მუ&ელი“
1-ხელ „მოჭრილი სისხლიანი ვაგინა“

300-ზე მეტი “პიკანტური” უწმაწური სიტყვა, გაშლილი 122 გვერდზე და ჩასმული როგორც დიალოგებში, ისე მოქმედების თხრობით ნაწილში. ყველა ყ-ს, ჭ-სა და ღ-ს გამოყენებით, სრულად, ალბათ სურათის უნაკლოდ გადმოსაცემად. (აქ მოცემული „&“ ჩემი ჩასმულია).

ეს მხოლოდ ლექსიკაა. არაფერს ვამბობ სხვა სიბინძურეებზე, მათ შორის სასტიკ, ძალადობრივ, პორნოგრაფიულ და ჰომოსექსუალურ სცენებზე, რომლებიც სცენარში დეტალურად არის აღწერილი და რომლის წაკითხვის ვალდებულება მქონდა მე, როგორც ჟიურის წევრს.

ხაზს ვუსვამ, რომ ჩემი რეცენზია არ იყო მიმართული ფართო საზოგადოებისათვის და მისი ადრესატი იყო იმ ნაწარმოების ავტორი, რომელმაც ამგვარი შინაარსის სცენარი განსახილველად წარუდგინა საკონკურსო ჟიურის. არ მქონია მიზნად, ვინმესათვის შეურაცხყოფა მიმეყენებინა, ვინაიდან ამისთვის პირადი შეურაცხყოფის სიტყვებს გამოვიყენებდი, მაგრამ ცალსახად მქონდა სურვილი, პროექტის ავტორისათვის დამენახებინა ის რეაქცია და გამომეხატა ის ემოცია, რომელიც მის მიერ წარმოდგენილი ნამუშევრის გაცნობის შემდეგ დამეუფლა და ეს გამეკეთებინა იმ ლექსიკით, რომელიც ესოდენ საყვარელია თვით ავტორისთვის, რაზედაც ზემოთ მოყვანილი ციფრობრივი მონაცემები ნათლად მეტყველებს.

მინდოდა, ჩემი შთაბეჭდილება ისეთივე გულახდილობით გამომეხატა, როგორი „გულახდილობითაც“ და „უშუალობითაც“ გამოირჩევა ავტორი. ძალიან სამწუხაროა (და მკითხველისათვის კომფორტული), რომ ვერ ვაკეთებ სცენარის ვერც ერთი ნაწილის ციტირებას ჩემი შთაბეჭდილების ილუსტრაციისათვის. თუ ავტორი ან პროდუსერი როდესმე გადადგამენ ამ ნაბიჯს, ვვარაუდობ, რომ მკითხველის ინტერესიც დიდი იქნება და იმედგაცრუებაც.
კინო საზოგადოება აღშფოთებულია იმის გამო, რომ შეფასებისას კომენტარში მე დავწერე (სიტყვასიტყვით): „სცენარის კითხვისას ხან ვარწ-ევდი ხან ვი-ვავდი. დარწმუნებული ვარ, ავტორი კმაყოფილი იქნება იმ ემოციებით, რაც სცენარმა ჩემში გამოიწვია“. ვფიქრობ, ამ წერილის გაცნობის შემდეგ თქვენთვის ნათელი გახდა შეფასებისას რატომ შევარჩიე ჩემთვის სრულებით უცხო სტილიც და ლექსიკაც.

შეგახსენებთ, რომ აქ საუბარი გვაქვს ფილმის პროექტზე, რომელიც ეროვნული კინოცენტრისათვის არის წარდგენილი და სახელმწიფო თანხებით დაფინანსებას ითხოვს.
დამატებით მოგახსენებთ, რომ 2013 წელს ოფიციალურ ინტერვიუში, რომელიც კინოცენტრის მიერ გამოცემულ ჟურნალში Film Print N9 დაიბეჭდა, „არმატურის“ სცენარის ავტორი ლაშა ცქვიტინიძე ამბობს (სიტყვასიტყვით): „მე ყველა დაბადებიდან სულით რეჟისორის დედას . . . “.

მიუხედავად გამომწვევი განცხადებისა, მაშინ ამ ფრაზას არ მოყოლია არც რეჟისორების და არც კინოს ქომაგების აღშფოთება, ან გულისწყრომა. თუ ეს ენა ამ კონკრეტული ხელოვანისათვის აზრის გამოხატვის ადეკვატური საშუალებაა, რატომ არის მისთვის გასაკვირი და მიუღებელიც, როდესაც მასაც არანორმატიული, თუმცა გაცილებით რბილი ლექსიკით აკრიტიკებენ?

ღრმად მწამს შემოქმედებითი და გამოხატვის თავისუფლების და მიმაჩნია, რომ ნებისმიერ ავტორს აქვს უფლება, მისთვის რჩეული ლექსიკა გამოიყენოს მის მიერ შექმნილ ნაწარმოებში. მაგრამ როდესაც საქმე ეხება ეროვნული კინოცენტრის მიერ დასაფინანსებელ ნაწარმოებს, ვფიქრობ, გარკვეული ნორმები უნდა დავაწესოთ, რათა კინოცენტრს მომავალშიც არ მოუწიოს ისეთი პროექტების განხილვა, სადაც ზღვარი მხატვრულ ფილმსა და ექსტრემალური ჟანრის პორნოგრაფიას შორის დარღვეულია.

ნუ დავივიწყებთ, იმ ქართველ მაყურებელსაც, რომელიც ქართულ ფილმებს მოელის და ფილმის დამფინანსებლებში საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის ლოგო მისთვის გარკვეული გემოვნების ან ხარისხის დამადასტურებელი ნიშანია.”