26 ივლისი, 2016

დავით კინწურაშვილი თანამდებობიდან გათავისუფლებულია

1kintsurashvli-davidზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი თანამდებობიდან გათავისუფლებულია.

დავით კინწურაშვილი დაკავებული პოსტიდან კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გადააყენა.

ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, სადაც მიხეილ გიორგაძემ სამხატვრო ხელმძღვანელს დავით კინწურაშვილს და დირექტორს ალექსანდრე მოწონელიძეს თანამდებობების საკუთარი ნებით დატოვება ურჩია.

მიხეილ გიორგაძე:

“საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია ის დაპირისპირება, რომელიც ბოლო პერიოდია ოპერისა და ბალეტის თეატრში ხდება.

მიუხედავად სამინისტროს არაერთგზის მცდელობისა, მხარეებს ურთიერთბრალდებები კონსტრუქციულ ვითარებაში განეხილათ, უშედეგოდ დასრულდა.

უწყება ვერ ხედავს ვერავითარ ნიშანს, რომ ამ მენეჯმენტის პირობებში, სიტუაცია დარეგულირდება. უფრო მეტიც, პროცესები სრულიად მიუღებელ ფორმაში გადაიზარდა. აშკარაა, რომ ადგილი აქვს მმართველ რგოლებს შორის სრულ დისკომუნიკაციას და შეუთანხმებელ ქმედებებს.

ამიტომაც, დღევანდელ შეხვედრაზე მინისტრმა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს და დირექტორს შესთავაზა, დატოვონ დაკავებული პოზიციები.

თუ, მათი მხრიდან დღეს დღის ბოლომდე არ იქნება გადადგმული შესაბამისი ნაბიჯი, სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას მენეჯმენტის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.”

დავით კინწურაშვილმა მინისტრის მოწოდება არ გაითვალისწინა და სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვების ნაცვლად, თეატრში საკადრო ცვლილებების განხორციელება და თანამშრომლების გათავისუფლება დაიწყო.

ალექსანდრე მოწონელიძემ დირექტორის პოსტი საკუთარი ნებით დატოვა, დავით კინწურაშვილი კი გაათავისუფლეს.

დღეიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის და დირექტორის პოსტები ვაკანტურია.