Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ჩემთვის არავის არაფერი უკითხავს”

20 ივლისი, 2016

temur-falavandishvili1საპარტნიორო ფონდი და მისი თავმჯდომარე დავით საგანელიძე ცნობილი ფილმის “რაჭა, ჩემო სიყვარულო” რიმეიქს გადაიღებს.

დავით საგანელიძის თქმით, 1977 წელს გადაღებული ფილმის რიმეიქს საპარტნიორო ფონდი ბრიტანულ-სლოვაკურ საინვესტიციო ფონდთან პარტნიორობით დააფინანსებს:

“რადგან სლოვაკეთისა და რაჭის დამეგობრების თემა ვიცით და მაშინ რაჭაში ვიმყოფებოდით, შევთანხმდით, რომ ჯანო კახიძის ბრწყინვალე მუსიკაზე დაწერილი ფილმის “რაჭა, ჩემო სიყვარულო” ახალი ვერსიის გადაღება დავაფინანსოთ.”

“რაჭა, ჩემო სიყვარულო 20 წლის შემდეგ” – ასეთი იქნება ფილმის რიმეიქის სახელწოდება. ფილმის პრემიერა 40 წლის წინ გაიმართა. სულიკო ჟღენტის სცენარის მიხედვით ფილმი რეჟისორებმა თემურ ფალავანდიშვილმა და იოზეფ მედვედმა გადაიღეს.

“არტინფო” ფილმის რეჟისორს, ბატონ თემურ ფალავანდიშვილს დაუკავშირდა:

– სახელწოდება “რაჭა ჩემო სიყვარულო 20 წლის შემდეგ”, ცოტა გაუგებარია, რადგან ფილმის პრემიერიდან ორჯერ მეტი დრო გავიდა.

– ფილმის რიმეიქის საკითხზე თქვენ საქმის კურსში ხართ?

– არა. არავინ დამკავშირებია. ჩემთვის არავის არაფერი უკითხავს… არც ჩემთვის და არც სცენარის ავტორის, სულიკო ჟღენტის შვილებისთვის.

– აპირებთ ამ საკითხში დეტალურად გარკვევას?

– რასაკვირველია, ვაპირებთ მეც და სულიკო ჟღენტის შვილებიც. ჩვენ აუცილებლად ვიმსჯელებთ, ღირს თუ არა ამ პროექტის გაგრძელება.

დავით საგანელიძეს ვიცნობ. ის ფაქტი, რომ უჩვენოდ გადაწყვიტა რიმეიქის გადაღება, მისი მხრიდან არაკომპეტენტურ ნაბიჯად მიმაჩნია.

– ეს არ არის საავტორო უფლებების დარღვევა?

– რასაკვირველია, არის. ჩვენ ამ საკითხზეც აუცილებლად ვიმსჯელებთ.

– თქვენ, როგორც ფილმის რეჟისორს, როგორი წარმოგიდგენიათ ამ ფილმის გაგრძელება?

– ფილმის გაგრძელება ნამდვილად ვერ წარმომიდგენია. თავის დროზე, როცა ფილმი გადავიღეთ და ჩავაბარეთ, შემოგვთავაზეს ფილმის გაგრძელება, მაგრამ ჩვენ უარი ვთქვით.

ჩემთვის დოკუმენტური ფილმის გადაღება კიდევ გასაგები და მისაღებია, რომ შევხვდეთ ჩეხეთში და სლოვაკეთში ამ ფილმის გმირებს… რიმეიქი ფილმის სცენარის განმეორებაა და როგორ აპირებენ ამის გაკეთებას?